23 წლის ქართველმა ძალოსანმა უმთავრეს კონკურენტს – ბულგარელ სტილიან გროზდევს ორჭიდის ჯამში 6 კილოგრამით აჯობა. მესამე ადგილზე გასულ რუმინელ იონუც ილიეს კი 16 კილოგრამით გაუსწრო.
პირველი მოძრაობის - ატაცის შემდეგ, უპირატესობას გროზდევი ფლობდა. მიშველიძემ ატაცი 129 კილოგრამით დაიწყო და შტანგა იოლად დაიმორჩილა. მეორე ცდაზე 133 კილოგრამი ვერ ასწია, მაგრამ სიმძიმეს 1 კილოგრამი წაამატა, ახალი წონა დაიმორჩილა, მოძრაობა 134 კილოგრამით დაასრულა და მცირე ვერცხლის მედალს დასჯერდა, რადგან გროზდევმა 135 კილოგრამი აიტაცა. მცირე ბრინჯაო კიდევ ერთ ბულგარელს - ვლადიმირ ურუმოვს ერგო, 130 კილოგრამით.
აკვრაში პირველივე ცდის შემდეგ, ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას მხოლოდ მიშველიძე და გროზდევი შემორჩნენ. ორივემ 152 კილოგრამით და წარმატებით დაიწყო. მეორე ცდაზე საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 158 შეუკვეთა. შოთა მიშველიძემ ეს წონაც აჰკრა. ბულგარელმაც იგივე წონა დაიმორჩილა და ორჭიდის უპირატესობაც დაიბრუნა, მაგრამ მხოლოდ ორი წუთით, ვიდრე შოთა მიშველიძემ 9 კილოგრამით დამძიმებული შტანგა არ ასწია. გროზდევს ძალა აღარ ეყო და ოქროს მედალზე ოცნებაც დაასრულა.
აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლით ევროპირველობის მასპინძლებმა გაიხარეს – საპრიზო სამეულში იონუც ილიე შევიდა.
ამრიგად, ორი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – შოთა მიშველიძის ორი ოქრო და ერთი ვერცხლი და გოდერძი ბერდელიძის ბრინჯაო.
ევროპის ჩემპიონატი 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს სახელით კი რუმინულ ფიცარნაგზე კიდევ შვიდი ძალოსანი გავა: გოგა ჩხეიძე (69 კგ), რევაზ დავითაძე (85 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე +105 კგ), თათია ლორთქიფანიძე (69 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (90 კგ).