შესანიშნავ ფორმაში შესულმა მადრიდულმა გრანდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „იუვენტუსი“ უდიდესი მოტივაციის მიუხედავად, ამ ეტაპზე უამრავ კომპონენტში გვარიანად ჩამორჩება ზინედინ ზიდანის კრებულს. ანგარიში სწრაფი გოლით კრისტიანო რონალდომ გახსნა და რეკორდული საგოლე მონაგარი გაზარდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი არ დაიბნა და მთელი ძალებით შეუტია სტუმარ „რეალს“. თითქოს გამოჩნდა, რომ ლოგიკურად ანგარიში უნდა გათანაბრებულიყო, თუმცა „სამეფო კლუბმა“ მრავალსვლიანი შეტევა რონალდოს ფანტასტიური სილამაზის მაკრატელა გოლით დაასრულა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჯანლუიჯი ბუფონს კარიერაში მეცხრედ გაუტანა და ტურინის სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილი პუბლიკისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა. მალევე ორი ყვითელის გამო მოედანი ნაადრევად პაულო დიბალამ დატოვა და უმძიმეს სიტუაციაში დარჩენილმა ტურინელებმა მესამე გოლიც გაუშვეს - რონალდოსთან გათამაშებული ე.წ. კედლით მარსელო საჯარიმოში ჯიქურ შეიჭრა და „იუვე“ მესამედ დაამწუხრა. ისიც უნდა ითქვას, რომ მადრიდელებმა ორჯერ ხარიხას მოარტყეს ბურთი.
იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა
პარალელურად მიმდინარე შეხვედრა შედეგის მიხედვით, მოლოდინისამებრ დასრულდა. მიუნხენის „ბაიერნმა“ სევილიაში პირველი გოლი გაუშვა, თუმცა შემდეგ ორი გაიტანა და სტუმრად გამარჯვებით „რეალის“ მსგავსად პრაქტიკულად გაინაღდა ოთხეულის საგზური. აღსანიშნავია, რომ ბავარიელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მოგებული 12 მატჩით თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.
იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა