weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„ლივერპული“ შინ „სიტის“ იოლად გაუსწორდა, „ბარსელონა“ – „რომას“

11:12 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი ორი მეოთხედფინალური მატჩი მასპინძელმა გუნდებმა სამბურთიანი სხვაობებით მოიგეს. პრინციპულ შეხვედრაში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე პეპ გვარდიოლას ქებული „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, „ბარსელონამ“ კი „რომას“ აუღელვებლად სძლია.

საფეხბურთო სპეციალისტებისა და გულშემატკივართა უმრავლესობა ინგლისურ წყვილში ფავორიტად მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ მოასპარეზე მანჩესტერელებს თვლიდა, თუმცა იურგენ კლოპის გაწვრთნილმა მერსისაიდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათი შემტევი ხაზი წელს ასევე დიდებულად გამოიყურება, რაც აღნიშნულ შეხვედრაშიც დამტკიცდა. „ლივერპულმა“ სამი უპასუხო ბურთი პირველივე ტაიმში გაუტანა „სიტის“ და გვარდიოლას გუნდის საჩემპიონთალიგე ამბიციას თითქმის ხაზი გადაუსვა. ჯერ ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა გახსნა ანგარიში, შემდეგ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაისროლა ბურთი უზუსტესი ყუმბარისებური დარტყმით, მესამე გოლი კი სალაჰის ჩაწოდებით სენეგალელმა სადიო მანემ თავით გაუტანა მეკარე ედერსონს და „ენფილდ როუდი“ სიხარულისგან გადარია. მეორე ნახევარში მანჩესტერელთა მცდელობამ შედეგი ვერაფრით გამოიღო და ინგლისის ჩემპიონატის უპირობო ლიდერი გუნდი განმეორებითი შეხვედრისთვის მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

ერნესტო ვალვერდეს გაწვრთნილი კატალონიური გრანდი პირველივე წუთებიდანვე შეუდგა მიზნის განხორციელებას და „რომას“ ისღა დარჩენოდა მაქსიმალურად გაეძლო დაწოლისთვის, თუმცა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „ბარსელონა“ გოლს მაშინ გაიტანდა, როცა მოისურვებდა. რომაელთა კარში პირველი ბურთები ავტოგოლებით გავიდა, შემდეგ შეტევაში ჩართულმა ხერარდ პიკემ გაიტანა და პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი. საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე ედინ ჯეკოს გოლით „რომამ“ სხვაობა შეამცირა, თუმცა რამდენიმე წუთში ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე მრავალმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და სტატუს-კვო აღადგინა. საინტერესოა, რომ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსას“ სასარგებლოდ გუნდებმა უკვე 5 ავტოგოლი გაიტანეს.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]