weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალისტები ცნობილია

10:49 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე ორი განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ის ორი გუნდი გაირკვა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვდნენ. „რომამ“ სენსაცია მოახდინა და ფავორიტად მიჩნეული „ბარსელონა“ სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა, „ლივერპულმა“ კი „მანჩესტერ სიტის“ სტუმრადაც სძლია.

პირველ შეხვედრაში იოლი გამარჯვების (4:1) შემდეგ კატალონიური გრანდი იტალიის დედაქალაქში ოპტიმისტური განწყობით და უმოტივაციოდ ჩავიდა. „რომას“ ურთულესი მისია ჰქონდა შესასრულებელი, რაც არარეალურად ჩანდა, თუმცა ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა მე-6 წუთზე ედინ ჯეკოს მიერ გატანილი სწრაფი გოლით იმედი გაიჩინა და დასახული მიზნის შესრულებას გულმოდგინედ შეუდგა. „ბარსელონა“ მოედანზე უღიმღამოდ აგორებდა ბურთს და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდი მეტოქეს არ აფასებდა და უკვე მომავალ შეხვედრებზე ფიქრობდა. რამდენიმე გაფუჭებული მომენტის მიუხედავად, მეორე ტაიმში „რომამ“ ანგარიში დანიელე დე როსის გატანილი პენალტით გაზარდა, რომელიც ჯეკოს წაქცევისთვის დაინიშნა. ეს „ბარსასთვის“ უდავოდ საგანგაშო იყო, თუმცა კატალონიელები კვლავ უგულოდ ირჯებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ შეხვედრა დაესრულებინათ. „რომამ“ შეტევებს უმატა და საწადელს მატჩის მიწურულს მიაღწია, როდესაც ბერძენმა მცველმა კოსტას მანოლასმა თავით მესამე გოლი გაუტანა მარკ-ანდრე ტერ შტეგენს. რომის „სტადიო ოლიმპიკოს“ ტრიბუნები სიხარულისგან დაინგრა, „ბარსელონამ“ კი იკადრა და შეფუცხუნდა, თუმცა დარჩენილ ათიოდე წუთში მისმა ქაოტურმა შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო და ტურნირს სამარცხვინოდ გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გათამაშებაში „ბარსელონას“ ამ მატჩამდე გამართულ 9 შეხვედრაში ჯამში 3 გოლი ჰქონდა გაშვებული, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც „რომასთან“ ბოლო მატჩში გაუშვა. რაც შეეხება რომაულ კლუბს, იგი 1984 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ნახევარფინალში - იმ წელს „რომამ“ ფინალში „ლივერპულთან“ პენალტების სერიაში წააგო.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში მასპინძელი „სიტი“ ასევე სწრაფი გოლით დაწინაურდა - ბრაზილიელმა ცენტრფორვარდმა გაბრიელ ჟეზუსმა მე-2 წუთზე კონტრშეტევა შედეგიანად დაასრულა. პეპ გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო, ფსიქოლოგიური ტვირთიც მოეხსნა და გამალებული შეუდგა ამოცანის შესრულებას, თუმცა პირველ ტაიმში გოლი ვეღარ გაიტანა, არადა ამის შანსები იყო, რადგან ჯერ ბერნარდო სილვამ მოარტყა ბურთი ძელს, შემდეგ კი საკმაოდ საკამათო სიტუაციაში გატანილი გოლი მსაჯმა გააუქმა, რის შესახებ დავის გამოც გვარდიოლა მოედნიდან გააძევეს. „ლივერპული“ მწყობრად იცავდა თავს, კონტრშეტევბით თამაშობდა და საკუთარ შანსს ელოდა, რომელიც 56-ე წუთზე დადგა და მოჰამედ სალაჰის გოლით დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად „სიტის“ უკვე 4 გოლის გატანა სჭირდებოდა, რაც ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, სამაგიეროდ იურგენ კლოპის გუნდი გავიდა წინ რობერტო ფირმინოს უზუსტესი დარტყმით და პრინციპულ მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 5:1 სძლია. „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]