weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„რეალი“ და „ბაიერნი“ თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ

10:42 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. უაღრესად საინტერესო შეხვედრაში, რომელიც მადრიდში შედგა, „იუვენტუსმა“ მასპინძელი „რეალი“ დაამარცხა, თუმცა „სამეფო კლუბმა“ მსაჯის დახმარებით მაინც შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა, „ბაიერნმა“ კი „სევილიის“ ბარიერი იოლად დაძლია.

წინა კვირას საკუთარ კედლებში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ ტურინის „იუვენტუსს“ ურთულესი ამოცანის გადაჭრა უწევდა - იტალიის ჩემპიონ გუნდს მადრიდში როგორც მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით უნდა მოეგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა შეხვედრა იდეალურად დაიწყო - სამი ხედირას რბილ ჩაწოდებას მე-2 წუთზე თავი მარიო მანჯუკიჩმა დაუხვედრა და ანგარიში გახსნა. გოლის გარდა საწყის 15 წუთში „იუვე“ დომინირებდა, შემდეგ კი მოედნის ყველა მონაკვეთზე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. ტურინელები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ და უპირატესობა 37-ე წუთზე მეორე გოლში ასახეს - მანჯუკიჩმა ამჯერად შტეფან ლიხტშტაინერის ჩაწოდებიდან გაიტანა პირველი გოლის ტყუპისცალი. დარჩენილ დროში ზინედინ ზიდანის კრებულმა გაიბრძოლა და ერთი შეტევისას ბურთი მეტოქე გუნდის კარის ხარიხასაც მოარტყა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა ნახევარდაცვის ხარჯზე ბურთზე კონტროლის მოპოვება სცადეს, თამაშიც გათანაბრდა, თუმცა გოლი კვლავ სტუმრებმა გაიტანეს - მადრიდელთა კოსტა რიკელ მეკარე კეილორ ნავასს საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელიდან გაუვარდა, იქვე მყოფმა ბლეზ მატუიდიმ კი მიუტევებელი შეცდომა არ აპატია და მესამე გოლით „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი პუბლიკა დაშოკა. ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ საზოგადოებას დამატებითი დრო უნდა ეხილა, თუმცა შეხვედრის ინგლისელმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა ყველანაირი ინტრიგა მოკლა და კომპენსირებული წუთების უკანასკნელ წამებზე „იუვენტუსის“ კარში საკამათო პენალტი დანიშნა: მედჰი ბენატია „რეალის“ ფორვარდ ლუკას ვასკესს ბურთის მოგერიებისას შეეხო და ეპიზოდი წესების დარღვევასაც ჰგავდა, თუმცა როგორც წესი, ასეთი კონტაქტისას პენალტს არ დებენ, მითუმეტეს - ასეთ სიტუაციაში, როდესაც გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გოლი სჭირდებოდა, დრო კი პრაქტიკულად ამოწურული იყო. თერთმეტმეტრიანის დანიშვნა ტურინელებმა ცხადია აგრესიულად გააპროტესტეს, რის გამოც არბიტრმა გუნდის კაპიტანი და მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა. ასეა თუ ისე, მსაჯის გადაწყვეტილება „რეალს“ დაეხმარა, კრისტიანო რონალდომ მიმდინარე ლიგაზე მე-15 გოლი გაიტანა და მადრიდელებმა ორმატჩიანი დაპირისპირება საერთო ანგარიშით 4:3 მოიგეს, ამ მატჩსა და მის დრამატულ ფინალზე კი საფეხბურთო სამყარო დიდხანს ისაუბრებს და ეპიზოდს უსასრულოდ გაარჩევს.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. ბავარიულ გრანდს სტუმრად ჰქონდა მოგებული (2:1) და შინ „სევილიასთან“ არაფერი გასჭირვებია. მატჩი უგოლოდ დასრულდა და „ბაიერნი“ საუკეთესო ოთხეულში გავიდა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]