„სიტიმ“ ბოლო მატჩში გასვლაზე „ტოტენჰემ ჰოტსპური“ დაამარცხა (3:1), თუმცა მისი ჩემპიონობა ამ ტურის შემდგომ ნაკლებად გახლდათ მოსალოდნელი, რადგან „სიტის“ უახლოესი მდევარი „მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე წყალწაღებულ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ ეთამაშებოდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდი „ოლდ ტრაფორდზე“ სენსაციურად დამარცხდა (0:1) და 16-ქულიანი სხვაობის გამო „მანჩესტერ სიტი“ ავტომატურად გახდა ჩემპიონი.
ხალდუნ ალ-მუბარაქის კუთვნილი „მანჩესტერ სიტი“ არსებობის ისტორიაში მეხუთედ გახდა ინგლისის საუკეთესო გუნდი. აქამდე „ქალაქელებს“ 1937, 1968, 2012 და 2014 წლებში ჰქონდათ შიდა ჩემპიონატი მოგებული.
„პარი სენ-ჟერმენმა“ როგორც მოსალოდნელი იყო, ვადაზე ადრე გაიფორმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული. გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე უნაი ემერის გუნდი მოქმედ ჩემპიონ „მონაკოს“ 14 ქულით სჯობნიდა და 33-ე ტურში სწორედ უშუალო კონკურენტი და უახლოესი მდევარი „მონაკო“ მიიღო მშობლიურ „პარკ დე პრენსზე“. პარიზელებმა მეტოქე გუნდი 7:1 გააცამტვერეს და მონეგასკებს ჩემპიონის ტიტული ხმაურიანად ჩამოართვეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა სიას სათავეში სწორედ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ედინსონ კავანი უდგას სათავეში 25 გოლით, მეორე ადგილზე კი ასევე პარიზული კლუბის წევრი ნეიმარია 19 გატანილი გოლით.
ყატარელი ბიზნესმენის, ნასერ ალ-ხელაიფის კუთვნილმა პარიზულმა საფეხბურთო კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა. აქამდე „პსჟ“ 1986, 1994, 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში იყო ქვეყნის ჩემპიონი.