weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ევროპა ლიგა მოიგო

10:14 ხუთშაბათი, 25 მაისი 2017

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის - ევროპა ლიგის 2016-2017 წლების გათამაშების გამარჯვებულია. ინგლისურმა გრანდმა სტოკჰოლმში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ამსტედამის „აიაქსი“ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა და ევროპა ლიგის თასს პირველად დაეუფლა. აღნიშნული ტიტულის მოგებით „იუნაიტედი“ მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.

ფინალამდე ორივე გუნდის შანსები თანაბრად იყო მიჩნეული, გამარჯვება კი უფრო ინგლისურ გრანდს სჭირდებოდა, რადგან ჟოზე მოურინიოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში დაკავებული მე-6 ადგილით ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა და სწორედ ევროპა ლიგის მოგება სჭირდებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დასაბრუნებლად, რაც მმანჩესტერელებმა გააკეთეს კიდეც.

ევროპა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდულმა გუნდმა, 2016-2017 წლების ამსტერდამის „აიაქსმა“ (გუნდის საშუალო ასაკი 22 წელია) ფინალში საკმაოდ ლაღი და სანახაობრივი ფეხბურთით გააღწია, თუმცა ფინალში ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ კლუბს გააზრებული, კომბინაციური ფეხბურთის თამაში შეეძლო. ამსტერდამელთა გამოუცდელობამ, სწორედ ფინალში იჩინა თავი და ჰოლანდიურ ფეხბურთის ფლაგმანს მანჩესტერელთა წინააღმდეგ პრაქტიკულად არანაირი შანსი არ ჰქონია. 90 წუთის განმალობაში შეხვედრა ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, როგორიც ჟოზე მოურინიოს სურდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ვიზავ პეტერ ბოსს ტაქტიკური დუელი პირწმინდად მოუგო და მნიშვნელოვანი ტიტული მეორედ მოიპოვა - პირველად მან „პორტოსთან“ ერთად მოახერხა 2003 წელს გამარჯვება.

შეხვედრის დებიუტი უინტერესო გამოდგა და გუნდებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ, მაგრამ გოლი მაინც გავიდა და ამის გაკეთება მე-18 წუთზე ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მოახერხა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა შორიდან არც თუ ისე სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი მეტოქე მცველს მოხვდა და რიკოშეტით კარში შევარდა. ამსტერდამელებს რაღაცის შეცვლა აშკარად მართებდათ, თუმცა შეტევაში საერთოდ არაფერი გამოსდიოდათ. ბევრს ცდილობდნენ ბერტრან ტრაორე, ტარიკ იუნესი და ჰაქიმ ზიეში, თუმცა მათ გარჯა უნაყოფო იყო. ჟოზე მოურინიოს გუნდი დაცვაში ძალიან საიმედოდ იდგა, ყველა ზონა ამოკეტილი ჰქონდა და საკუთარ შანსს ელოდა, რომელიც მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მიიღო, გამოიყენა და ფაქტობრივად შეხვედრის ბედი გადაწყვიტა: ინგლისელთა მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჰაერო ბრძოლა ქრის სმოლინგმა მოიგო და ბურთი ჰენრიხ მხითარიანს დაუგდო, რომელმაც პოზიციური ორთაბრძოლა მოიგო და „აიაქსი“ კამერუნელ მეკარეს ახლო მანძილიდან ნახევრადაკრობატული დარტყმით გაუტანა. ჰოლანდიელები ბევრს ეცადნენ შეეტიათ, თუმცა რეალური სახიფათო ეპიზოდი არც დარჩენილ დროში შეუქმნიათ და ვერცხლის მედლებით მოუწიათ დაკმაყოფილება – 0:2.

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა გუნდი, რომელსაც UEFA-ს ყველა საკლუბო ტურნირი (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, თასების მფლობელთა თასი, სუპერ თასი) აქვს მოგებული. ფინალურ მატჩში ლურჯი ფორმით მოასპარეზე „წითელ ეშმაკებს“ სეზონის წინ განხორციელებული ტრანსფერები ევროპა ლიგის ფინალშიც წაადგათ - მოგეხსენებათ, რომ „მანჩესტერ იუანიტედს“, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში არასტაბილურად ასპარეზობდა, ტრანსფერების გამო აკრიტიკებდნენ, ფინალში გოლების გატანა კი სწორედ სეზონის წინ ნაყიდმა ფეხბურთელებმა შეძლეს.

აიაქსიმანჩესტერ იუნაიტედი 0:2

სტოკჰოლმი, „ფრენდს არენა“

აიაქსი (4-3-3): ონანა, დე ლიგტი, დ. სანჩესი, რიდევალდი (ფ. დე იონგი 82), ველტმანი, შიონე (ვან დე ბეეკი 70), ზიეში, კლაასენი, იუნესი, ბ. ტრაორე, დოლბერგი (კამპოსი 62).
მწვრთნელი: პიტერ ბოსი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): ს. რომერო, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი, ა. ვალენსია, პოგბა, ა. ერერა, ფელაინი, მხითარიანი (ლინგარდი 74), მატა (რუნი 90), რეშფორდი (მარსიალი 84).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 პოგბა (18), 0:2 მხითარიანი (48)

გაფრთხილებები: ველტმანი, იუნესი, რიდევალდი – მხითარიანი, ფელაინი, მატა.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]