weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2021

„ლივერპულმა“ უხვგოლიან შეხვედრაში „რომა“ იოლად დაამარცხა

10:59 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018 hits 984

ჩემპიონთა ლიგის პირველმა ნახევარფინალურმა მატჩმა მოლოდინები სრულად გაამართლა. იურგენ კლოპის გაწვრთნილმა „ლივერპულმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია, განსაკუთრებით კი - გუნდის შემტევი ხაზი, რომელმაც „ენფილდ როუდზე“ „რომა“ არ დაინდო და ხუთი გოლი გაუტანა მეტოქე გუნდს.

შეხვედრის საწყის 20 წუთში სტუმარ რომაელებს ორგანიზება ეტყობოდათ და პატარ-პატარა კომპონენტებში სჯაბნიდნენ კიდეც მასპინძელ მერსისაიდელებს, უფრო მეტიც - ალექსანდარ კოლაროვის საფირმო ცაცია გასროლა „ლივერპულის“ გოლკიპერმა გაჭირვებით მოიგერია და ხარიხამაც აისხლიტა, თუმცა ეს უპირატესობა რამდენიმე წუთის შემდეგ საერთოდ გაქრა, „ლივერპულმა“ ბურთი ჩაიგდო და აგრესიული იერიშები მიიტანა „რომას“ კართან. სადიო მანეს გაფუჭებული ხელსაყრელი მომენტების შემდეგ პირველი გოლი საოცრად ათამაშებულმა მოჰამედ სალაჰმა ულამაზეს სტილში ცაცია დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი სანამ იტალიური კლუბი გონს მოეგო, ტაიმის ბოლო წუთზე ბრწყინვალედ გათამაშებული შეტევა იმავე სალაჰმა დააგვირგვინა. ეგვიპტელმა ფორვარდმა ყოფილ გუნდთან შესრულებული დუბლი არ აღნიშნა. სხვათა შორის სალაჰმა, როგორც აფრიკელმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო’ოს მიღწევა გააუმჯობესა და ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა.

სალაჰი და კომპანია არც მეორე ნახევარში გაჩერებულა: ეგვიპტელმა ჯერ მანეს გაატანინა, შემდეგ კი - რობერტო ფირმინოს. ბრაზილიელმა ფორვარდმა რამდენიმე წუთში კუთხურიდან თავური დარტყმითაც აიღო თანამემამულე ალისონის კარი და ტაბლოზე 5:0 დააფიქსირა. მატჩის დასკვნით 10 წუთში „რომამ“ გაიბრძოლა და ანგარიშში სხვაობაც შეამცირა: 81-ე წუთზე ედინ ჯეკომ პრესტიჟის გოლი ჩაიწერა აქტივში, მალევე კი ჯეიმს მილნერის ხელზე მოხვედრილი ბურთის გამო დანიშნული პენალტი დიეგო პეროტიმ ზუსტად შეასრულა. ამრიგად, განმეორებით მატჩში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის მიზანი კვლავ 3:0 მოგება იქნება, თუმცა რთული სათქმელია ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „ლივერპულთანაც“ იგივე შეძლონ, რაც „ბარსელონასთან“ გამოუვიდათ.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]