შეხვედრის საწყის 20 წუთში სტუმარ რომაელებს ორგანიზება ეტყობოდათ და პატარ-პატარა კომპონენტებში სჯაბნიდნენ კიდეც მასპინძელ მერსისაიდელებს, უფრო მეტიც - ალექსანდარ კოლაროვის საფირმო ცაცია გასროლა „ლივერპულის“ გოლკიპერმა გაჭირვებით მოიგერია და ხარიხამაც აისხლიტა, თუმცა ეს უპირატესობა რამდენიმე წუთის შემდეგ საერთოდ გაქრა, „ლივერპულმა“ ბურთი ჩაიგდო და აგრესიული იერიშები მიიტანა „რომას“ კართან. სადიო მანეს გაფუჭებული ხელსაყრელი მომენტების შემდეგ პირველი გოლი საოცრად ათამაშებულმა მოჰამედ სალაჰმა ულამაზეს სტილში ცაცია დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი სანამ იტალიური კლუბი გონს მოეგო, ტაიმის ბოლო წუთზე ბრწყინვალედ გათამაშებული შეტევა იმავე სალაჰმა დააგვირგვინა. ეგვიპტელმა ფორვარდმა ყოფილ გუნდთან შესრულებული დუბლი არ აღნიშნა. სხვათა შორის სალაჰმა, როგორც აფრიკელმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო’ოს მიღწევა გააუმჯობესა და ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა.
სალაჰი და კომპანია არც მეორე ნახევარში გაჩერებულა: ეგვიპტელმა ჯერ მანეს გაატანინა, შემდეგ კი - რობერტო ფირმინოს. ბრაზილიელმა ფორვარდმა რამდენიმე წუთში კუთხურიდან თავური დარტყმითაც აიღო თანამემამულე ალისონის კარი და ტაბლოზე 5:0 დააფიქსირა. მატჩის დასკვნით 10 წუთში „რომამ“ გაიბრძოლა და ანგარიშში სხვაობაც შეამცირა: 81-ე წუთზე ედინ ჯეკომ პრესტიჟის გოლი ჩაიწერა აქტივში, მალევე კი ჯეიმს მილნერის ხელზე მოხვედრილი ბურთის გამო დანიშნული პენალტი დიეგო პეროტიმ ზუსტად შეასრულა. ამრიგად, განმეორებით მატჩში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის მიზანი კვლავ 3:0 მოგება იქნება, თუმცა რთული სათქმელია ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „ლივერპულთანაც“ იგივე შეძლონ, რაც „ბარსელონასთან“ გამოუვიდათ.
იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა