weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„რეალი“ ზედიზედ მესამე ფინალს მიუახლოვდა

10:32 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

მადრიდის „რეალმა“ გასული წლის მსგავსად მიუნხენის „ბაიერნს“ სტუმრად 2:1 სძლია და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „რეკორდმაისტერი“ უშანსოდ ნამდვილად არაა დარჩენილი და ამის დასამტკიცებლად ზინედინ ზიდანის გუნდის წინა მატჩიც კმარა, ანდა ამავე გუნდების შარშანდელი დაპირისპირება, თუმცა „რეალს“ საქმის ნახევარი უკვე შესრულებული აქვს უპირატესობას დიდი ალბათობით არ დაკარგავს.

ბავარიელებმა კრისტიანო რონალდო შეაჩერეს, მაგრამ „სამეფო კლუბთან“ მაინც დამარცხდნენ, რისი უმთავრესი მიზეზი უმწვავესი საკადრო პრობლემები გახდა. ფეხბურთელთა დანაკლისის ფონზე „ბაიერნს“ საწყის წუთებსა და პირველ ტაიმში ორი იძულებითი ცვლილების განხორციელებაც მოუხდა - შეტევის სულისჩამდგმელი არიენ რობენი და დაცვის ბურჯი ჟერომ ბოატენგი ტრავმების გამო შეცვალეს. ამის მიუხედავად, ანგარიში იუპ ჰაინკესის გუნდმა გახსნა, რაც თამაშის სურათიდან თითქოს ალოგიკურიც ჩანდა - მარჯვენა ფრთაზე ჯოშუა კიმიხი გაიჭრა და ჩაწოდების ნაცვლად პირდაპირ კარში დაარტყა. ამის შემდეგ მიუნხენურ გრანდს კიდევ მართებდა გატანა, მაგრამ ჯერ ფრანკ რიბერიმ გაუშვა უაღრესად ხელსაყრელი მომენტი, შემდეგ კი სხვებმა ვერ გამოიყენეს რამდენიმე შანსი. „რეალი“ გულხედაკრეფილი არ მჯდარა და ტაიმის მიწურულს წონასწორობა მარსელოს უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით აღადგინა.

მეორე ტაიმიდან ზიდანმა ისკო მარკო ასენსიოთი ჩაანაცვლა და სწორედ მან თქვა გადამწყვეტი სიტყვა. გოლი რაფინიას შეცდომას მოჰყვა, რომელმაც მოედნის ცენტრში გაუგებარი გადაცემა გააკეთა, ამას კი მადრიდელთა სწრაფი და ჩინებული კომბინაცია მოჰყვა და ასენსიოს გოლით დასრულდა. დარჩენილ დროში „ბაიერნი“ წინ წავიდა და შეეძლო გატანა, ბევრს ცდილობდა ვეტერანი რიბერი, მაგრამ შეტევაში მიუნხენელები გვარიანად მოისუსტებდნენ და დამარცხდნენ. შესაძლოა მატჩის საერთო შეფასებიდან გამომდინარე ფრე ლოგიკური შედეგიც ყოფილიყო.

მადრიდულმა გრანდმა „ბაიერნს“ ზედიზედ მეექვსე თამაში მოუგო და მიუნხენელებს ასეთი ცუდი სერია აქამდე არავისთან ჰქონიათ. გარდა ამისა, „ბაიერნმა“ საკუთარ „ალიანც არენაზე“ ზედიზედ მესამედ წააგო „სამეფო კლუბთან“ და ესეც ანტირეკორდია.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]