„ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი - 0. მე, როგორც ერთ-ერთმა ძიუდოისტმა და გულშემატკივარმა, მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე, რა ხდება ძიუდოში. წლების უკან ვამბობდი, რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი, სამწუხაროდ, არავინ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა, ვისაც ესმის სპორტი და ვისაც გული შესტკივა დღევანდელ მდგომარეობაზე. შეიძლება მომაწერონ, რომ ინტერესი მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ, არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა. მინდა, ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს, როგორიც წლების უკან იყო.
ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან, პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე, არ შეუქმნი პირობებს იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს, ეს ტყუილია.
ფედერაციამ 6-თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში, სასტუმროთი და კვებით. აი, თანხები სად მიდის ფედერაციიდან. ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვეტავს სპორტსმენს, დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს, აი, ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია. მეგობრებო და გულშემატკივრებო, ამოიღეთ ხმა სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო“, - წერს ზვიადაური სოციალურ ქსელში.
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი თელ-ავივში 26-28 აპრილს ჩატარდა, რომელშიც 44 ქვეყნის 368 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრებიდან 9 ძიუდოისტმა იასპარეზა: ამირან პაპინაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ნუგზარ ტატალაშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა, უშანგი მარგიანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა. მედალთან ყველაზე ახლოს ამირან პაპინაშვილი და გურამ თუშიშვილი იყვნენ, თუმცა ისინი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მიმართ პრეტენზიები საჯაროდ გასულ წელსაც გამოითქვა. მაშინ მან უარყო ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების წამყვანი წევრები საერთაშორისო ტურნირზე თავისი ხარჯებით დადიან.