weather cur horoscope tv
მარტი 01, 2021

„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა

11:14 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018 hits 1001

2017-2018 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ფინალისტი გუნდის ვინაობა ცნობილია. „რეალმა“ მადრიდში „ბაიერნთან“ გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი გამოდგა. მადრიდის „სამეფო კლუბი“ ტურნირის ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ სწრაფი გოლი გავიდა - მე-3 წუთზე „რეალის“ დაცვა შეცდა და ჯოშუა კიმიხმა წინა კვირის მსგავსად ანგარიში გახსნა, თუმცა მადრიდელები სწრაფად მოეგნენ გონს და მე-11 წუთზე ამჯერად ბავარიელთა დაცვის ჩავარდნისას მარსელოს გადაცემით კარიმ ბენზემათ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ თამაში თითქმის იგივე სცენარით მიმდინარეობდა, როგორიც წინა კვირას მიუნხენში ვიხილეთ - საკადრო დანაკლისებით შესუსტებული „ბაიერნი“ ბევრს ცდილობდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ტაიმის მიწურულს თურქ მსაჯ ჯუნეით ჩაქირს მარსელოს ხელით თამაშისას უყოყმანო პენალტის დანიშვნა მართებდა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე მიუნხენელებმა ისეთი სულელური შეცდომა დაუშვეს, გრანდს კი არა, სამოყვარულო გუნდს რომ არ შეშვენის - კორენტინ ტოლისომ მეკარეს უხერხულად დაუბრუნა უკან ბურთი, გოლკიპერი სვენ ულრაიხი კი გამოსვლისას შეცდა, ფეხი დაუცდა, ბურთს ხელი ვეღარ შეახო და ბენზემამ ცარიელ კარში ბოძებული საჩუქარი შეირგო. დამატებითი დროის დანიშვნა გამოირიცხა, „ბაიერნს“ მატჩი უნდა მოეგო და შეუტია, მომენტები მასპინძელ „რეალსაც“ ჰქონდა, თუმცა პირველი მატჩის მსგავსად, გუნდები ბევრ ხელსაყრელ მომენტს აფუჭებდნენ, გუნდის ლიდერები - კრისტიანო რონალდო და რობერტ ლევანდოვსკი კვლავაც ინერტულები იყვნენ. „რეკორდმაისტერმა“ ანგარიში მაინც გაათანაბრა - „რეალიდან“ იჯარით განათხოვრებულმა ხამეს როდრიგესმა ახლო მანძილიდან იხეირა და გოლის გატანა არ აღნიშნა. დარჩენილ დროში სათამაშო უპირატესობა ისევ სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ ლევანდოვსკიმ და კომპანიამ ზინედინ ზიდანის გუნდის კარს გასაღები ვერაფრით მოუძებნეს და ტურნირს გამოეთიშნენ, „რეალი“ კი ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ ითამაშებს ყველაზე პრესტიჟლი საკლუბო ტურნირის ფინალში.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]