როგორც საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რაც განსაკუთრებით მატჩის დასკვნით ნაწილზე ითქმის, რადგან თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ქუთაისელები წინ იყვნენ და „კაკტუსელებმა“ ბოლო წუთებზე დაძაბეს სიტუაცია. პირველი პერიოდის 19:21 წაგების შემდეგ, ქუთაისელებმა თამაში დაალაგეს, მეორე პერიოდი მოიგეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ - 40:31. ქუთაისელებმა მესამე პერიოდში ლიდერობას კიდევ 2 ქულაც დაამატეს და წინ 13 ქულით გაიჭრნენ.
არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაკტუსელებმა“ ბოლომდე იბრძოლეს და გმირობამდე ცოტა დააკლდათ – ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა გაათანაბრა – 65:65, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე „კაკტუსი“ დაჯარიმდა და დვალიშვილმა 1 ზუსტი საჯარიმოთი „ქუთაისი 2010“ 66:65 დააწინაურა. „კაკტუსს” თამაშის გადასარჩენად 20 წამი ჰქონდა, თუმცა შეტევა შედეგიანად ვეღარ დააგვირგვინეს.
თასის მფლობელებს 19 ქულით ჯონათან ლიმ ულიდერა. 15 ქულა მოიპოვა დეჟუან რაიტმა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა ორმაგი დუბლი გაიფორმა – 13 ქულა, 10 მოხსნა.
„კაკტუსში” 18 ქულით ქრისტიან ჯონსონი გამოირჩა. 14 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა გიორგი ტურძილაძემ, ხოლო დეანდრე პარკსის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.
მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ქუთაისელები თასით, მედლებითა და სიგელით საქრთველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ და ფედერაციის წარმომადგენელმა ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვეს.
თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ ქუთისელთა ამერიკელი ლეგიონერი ჯონათან ლი დასახელდა.