საწყის წუთებში გუნდებმა გოლები გაცვალეს: ლუის სუარესმა მე-10 წუთზე სერხი რობერტოს სწრაფი გარღვევა და ჩაწოდება გოლით დაასრულა და მიმდინარე ლა ლიგაში 24-ე გოლი გაიტანა, ოთხ წუთში კი თანაფარდობა კრისტიანო რონალდომ აღადგინა, ჩემპიონატში 25-ედ იხეირა და სუარესთან ერთგოლიანი პირადი უპირატესობა შეინარჩუნა. ამის შემდეგ ბევრი საკამათო ეპიზოდი და აშკარა წესების დარღვევები მოხდა, თუმცა მსაჯ ალეხანდრო ერნანდესსა და მის დამხმარეებს უმეტესი მათგანი გამორჩათ, მაგალითად: პირველი ტაიმის მიწურულს მოედნიდან გარეთ ბეილი იყო გასაძევებელი, რომელმაც სამუელ უმტიტის წინააღმდეგ იმდენად იუხეშა, რომ გასაკვირია, როგორ გადაურჩა „ბარსელონას“ მცველი უმძიმეს ტრავმას. იყო მომენტი, როდესაც ჟორდი ალბამ საჯარიმოში მარსელო წააქცია და პენალტიც იყო, მაგრამ მსაჯის სასტვენი კვლავ დუმდა. ტაიმის დასრულებამდე მარსელოსადმი განზრახ უხეშობისა და არასპორტული საქციელის გამო კი სერხი რობერტომ წითელი ბარათი მიიღო და მასპინძელი „ბარსელონა“ კაცნაკლული დარჩა.
უმცირესობის მიუხედავად, მეორე ტაიმის დასაწყისში ერნესტო ვალვერდეს გუნდი კვლავ წინ გავიდა: ლუის სუარესმა აშკარა დარღვევით ჩამოიშორა რაფაელ ვარანი, სწრაფი შეტევა წამოიწყო და ლიონელ მესიმაც ჩვეულ სტილში ოსტატურად გაუტანა „რეალს“, თუმცა შეხვედრის არბიტრს დარღვევის დაფიქსირება აქაც მართებდა, რადგან სუარესი დასაჯარიმებელი იყო. მიმდინარე ლა ლიგის ბომბარდირმა მესიმ 33-ე გოლი მიითვალა, „ელ კლასიკოს“ არსებობის ისტორიაში კი რეკორდული საგოლე მონაგარი 26 გოლამდე გაზარდა. წონასწორობა ოც წუთში გარეთ ბეილმა ბრწყინვალე დარტყმით აღადგინა და დარჩენილ დროში ორივე გუნდის ბევრი მცდელობის მიუხედავად, შედეგი აღარ შეცვლილა – 2:2.
35 ჩატარებული მატჩის თავზე ერნესტო ვალვერდეს ჩემპიონ გუნდს 87 ქულა აქვს, „რეალი“ კი ლიდერ „ბარსელონას“ 15 ქულით ჩამორჩება. კატალონიური გრანდი დიდი ალბათობით ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდული მიღწევის ავტორი გახდება და ლა ლიგას დაუმარცხებლად დაასრულებს, რადგან დარჩენილ სამ ტურში რომელიმე გუნდთან მისი წაგება რთული წარმოსადგენია.
რაც შეეხება „ელ კლასიკოს“ ყველა დროის სტატისტიკას, პრინციპულმა მეტოქე გუნდებმა ამჯერად 237-ე ოფიციალური შეხვედრა გამართეს. აქედან „რეალს“ 95 მოგება აქვს, „ბარსელონას“ – 92, 50 მატჩი ყაიმითაა დასრულებული, ბურთების შეფარდება კი მადრიდელთა სასარგებლოდაა - 400:386.