ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილისა (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძის (97 კგ) მიერ წინა დღეს მოპოვებულ ბრინჯაოს მედლებს, თავისი წილი მედლები ბექა ლომთაძემ (61 კგ), სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მიამატეს. ლომთაძემ და პეტრიაშვილმა ფინალში იჭიდავეს და პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ორივეს გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა, ხოლო ამინაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
კასპიისკის ხალიჩაზე ბექა ლომთაძემ ფინალის გზაზე ორი მეტოქე ჩამოიშორა – რუმინელი ივან გუიდეა (11:0) და აზერბაიჯანელი მირჯალალ ჰასანზადე (12:0), ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ჰაჯიმურატ რაშიდოვთან 1:4 დამარცხდა. ლომთაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეორედ წააგო: პირველად 2015 წელს დაეუფლა ვერცხლს, 2016 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე დააკლდა ასევე ერთადერთი ნაბიჯი.
გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი (11:0) და ნახევარფინალში პოლონელი რობერტ ბარანი (10:0) იოლად დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს, თურქ თაჰა აქგულს შეხვდა. ქართველი ფალავანი თურქთან შედარებით უფრო აქტიურად გამოიყურებოდა, ილეთის ჩატარების მრავალგზის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ აქგულმა დაცვითი ტაქტიკა ამჯობინა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 2:1 მოიგო.
სანდრო ამინაშვილმა ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ევროპის სამგზის პრიზიორთან, აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან წაგებით (0:6). იქამდე ამინაშვილმა უკრაინის ნაკრების წევრი მრაზ ჯაფარიანი (9:2) და შვეიცარიელი შტეფან რაიხმუტი (4:0) ჩამოიშორა, რეპეშაჟის ფინალში კი გერმანიის სახელით მოჭიდავე ახმედ დუდაროვს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა (4:4), მაგრამ ბოლო ილეთის ხარჯზე იმარჯვა.