weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა კითხვები აქვთ ძიუდოისტებს ფედერაციის პრეზიდენტთან

22:59 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018
რა კითხვები აქვთ ძიუდოისტებს ფედერაციის პრეზიდენტთან ფოტო © პირველი არხი

ძიუდოს ეროვნული ნაკრების იმ წევრებმა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, დღეს, ქევხიშვილს კონკრეტული კითხვებით მიმართეს. სპორტსმენები ფედერაციას მათი და მწვრთნელების კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში ადანაშაულებენ.

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში კითხვები ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა.

„სად დაიკარგა, სად წავიდა ის თანხები, სპორტსმენების მიერ მოპოვებული ლიცენზიით რომ ჩაერიცხა ფედერაციას, 85 000 ლარი თითოეულ სპორტსმენზე, საიდანაც სპორტსმენმა მხოლოდ 13 000 ლარი მიიღო. რა მიზნობრიობით დაიხარჯა დანარჩენი თანხა?

სად მიდის მწვრთნელების სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული ხელფასის 10 %, რომელიც ფედერაციაში „ატკატის“ სახით ბრუნდება?

სად მიდის საპრემიო ფონდი, რომელიც პირდაპირ მწვრთნელს ეკუთვნის. რატომ აბრუნებინებს 10 %-ს და რაში ხარჯავს იგი მას;

სად წავიდა კომპანია „ზედაზენის“ მიერ დაფინანსებული შეჯიბრის თანხები, რომელიც სპორტსმენებს უნდა მიეღოთ მათ მიერ მიღწეული შედეგისთვის. რატომ არ მისცეს თანხები იმ სპორტსმენებს, რომლებიც ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ და რაში გამოიყენეს ეს თანხა. შავით თეთრზე ეწერა - სპორტსმენი, რომელიც მოიპოვებდა საპრიზო ადგილს, მიიღებდა ამდენ და ამდენ თანხას. მათ გასცეს მხოლოდ ცარიელი კონვერტები, რომელშიც თანხა არ იდო;

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, მაგრამ როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავს მასაჟისტი და ამავე დროს უამრავი გულშემატკივარი მოდის, დააკონკრეტოს ვისი თანხებით დადიან და რატომ არ იმყოფებოდა მასაჟისტი ევროპის ჩემპიონატზე? რა უფრო პრიორიტეტულია - უამრავი გულშემატკივარი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე თუ ერთი მასაჟისტი, რომელიც მხოლოდ იმას ითხოვდა, ბიჭებო თქვენს გვერდით ვიქნები, წამიყვანეთ, არც ოთახი მინდა, თქვენს გვერდით დავიძინებ, მინდა დაგეხმაროთო.

რატომ არ ჰყავს გოგონების ნაკრებს ამ ხნის განმავლობაში პირადი ექიმი. გუნდი არ არის თუ ექიმი არ სჭირდებათ?

დაგვისახელეთ ბატონო დავით, რა ძალა გვმართავს, ვინ დგას ჩვენს უკან?

ყრილობა რატომ არ იყო საჯარო? რატომ იყო დახურული და რატომ არ ჰქონდათ ჟურნალისტებს იქ შესვლის უფლება და ღიად გაეგო მედიას რას განიხილავდით და რაზე იყო იქ საუბარი;

ვინ არიან აღმასკომის წევრები, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ძიუდოისტებს ბედს უწყვეტენ? რა მიზნით დანიშნა იქ ისინი;

რამდენი კლუბია „შევარდენი 2005“-ში დარეგისტრირებული, რომელ კლუბებსაც აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების და პრეზიდენტის არჩევის უფლება.

რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობები? რომელ სპორტსმენს არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ და რომელი სპორტსმენი ვართ იმ ასაკში, რომ ჩვენი კარიერა დავასრულოთ? რომელმა ვითხოვეთ ფედერაციაში ან პრეზიდენტობა, ან ვიცე პრეზიდენტობა, ან რაიმე თანამდებობა?

ვინ დგას ქევხიშვილის უკან, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ არ გვინდა ამაზე საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდა ეს ყველაფერი პოლიტიკურ საკითხში გადაიზარდოს, რაიმე დაძაბულობამდე მივიდეთ და ხალხის თვალში შევრცხვეთ.

საკლუბო ჩემპიონატი, რომლითაც ის ტრაბახობდა, რატომ ავალდებულებს სპორტსმენისთვის განკუთვნილი პრემიის 10 %-ის უკან მიტანას? სად მიდის ეს თანხები, წარმოგვიდგინოს ყველა საბუთი.

რატომ ითხოვდა ფედერაცია სპორტსმენებისთვის განკუთვნილი პრემიებიდან 10%-ს? პირადად ჩემთან და ჩვენთან ჰქონდა მას საუბარი, რომ როდესაც ჩვენი მიღწეული შედეგებიდან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხას მივიღებდით, აქედან 10 % უნდა დაგვებრუნებინა ფედერაციაში. რატომ ითხოვდა ამას და რა მიზნისთვის უნდა გამოეყენებინა ეს თანხა?

რატომ დააგვიანა ფედერაციამ განაცხადის გაგზავნა, როდესაც ლუხუმ ჩხვიმიანს მასტერზე უწევდა მონაწილეობის მიღება? იმის გამო რომ ფედერაციამ განაცხადი ვერ გაგზავნა, მან ვერ მიიღო ამ შეჯიბრში მონაწილეობა. ეს არის შეჯიბრი, რომელში მონაწილეობაც სპორტსმენს კარიერის მანძილზე შესაძლოა მხოლოდ ერთხელ მოუწიოს. ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი?

რატომ ათავისუფლებს დავით ქევხიშვილი მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე და რატომ იგებენ სპორტსმენები სახლში, რომ ისინი გათავისუფლებული არიან. ესეც ნათელი მაგალითი იმისა, რომ ის ერთპიროვნული მმართველია;

რატომ აძლევს სპორტსმენებს კიმონოებს შერჩევით ან სხვა რაიმე მიზნით. რატომ არ აუღიათ 2015-2016 წლებში ახალგაზრდულ ნაკრებს კიმონოები, როდესაც ჩვენი პირადი მიღწევებიდან გამომდინარე „ადიდასი“ფედერაციას უსასყიდლოდ დაახლოებით 300 კიმონოს უგზავნის. სად მიდოდა ეს კიმონოები და ვინ იცმევდნენ თუ არა ის სპორტსმენები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა;

რატომ არ შეგვხვდა ორშაბათს დავით ქეხიშვილი და დღესაც რატომ ცდილობს დახურულ კარს მიღმა გვესაუბროს?

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც გვაწუხებს, რა პრობლემებსაც მან ღიად უნდა გასცეს პასუხი და არა დახურულ კარს მიღმა“.

დღეს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, რომელიც ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ყრილობის დასრულების შემდეგ დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის სპორტსმენებს დახურულ კარს მიღმა შეხვდეს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე ოლიმპიურ კომიტეტებთან ერთად სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს და ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ ძიუდოისტების მიერ წაყენებულ ბრალდებებს შეისწავლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]