weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროპის ქვეყნებში საფეხბურთო თასის ფინალები გაიმართა

10:45 ორშაბათი, 29 მაისი 2017

გასულ უქმეებზე წამყვან ევროპულ საფეხბურთო ქვეყნებში თასის გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა. ესპანეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის თასები, შესაბამისად, „ბარსელონამ“, ლონდონის „არსენალმა“, „პარი სენ-ჟერმენმა“ და დორტმუნდის „ბორუსიამ“ მოიპოვეს.

მადრიდის „ვისენტე კალდერონზე“ გამართულ „კოპა დელ რეის“ ფინალში ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყდა - კატალონიურმა გრანდმა ბასკური „ალავესი“ყველაფერში დაჯაბნა და გამარჯვება არ გასჭირვებია. 30-ე წუთზე ლიონელ მესიმ საჯარიმოს მოსადგომებიდან უზუსტესი დარტყმით ანგარიში გახსნა, თუმცა ზუსტად სამ წუთში ნიჭიერმა ახალგაზრდა ტეო ერნანდესმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა და „ალავესის“ რიგებში უკანასკნელი თამაში გოლით აღნიშნა. ბასკურმა კლუბმა კი ტაიმის ბოლო ერთბაშად ორი გოლი გაუშვა, რამაც ფინალის ბედი გადაწყვიტა: 45-ე წუთზე ანდრე გომეშმა ნეიმარს ცარიელ კარში გაატანინა, ხოლო მესამე დამატებულ წუთზე ლიონელ მესის მორიგ შედევრს პაკო ალკასერის გოლი მოჰყვა. საბოლოოდ „ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი ზედიზედ მესამედ მოიგო, ხოლო ჯამში აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული 28-ედ გახდა, რაც ესპანეთში საუკეთესო მაჩვენებელია. აღნიშნული მატჩი იმითაც იყო საინტერესო, რომ იგი უკანასკნელი გამოდგა მადრიდის სტადიონ „ვისენტე კალდერონისთვის“, რომელსაც მალე დაანგრევენ და ახლით ჩაანაცვლებენ, ასევე ბოლო შეხვედრა იყო „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკესთვის, მოგეხსენებათ, მისი წასვლა აქამდეც გადაწყვეტილი იყო.

ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში თანაქალაქელი „ჩელსი“ 2:1 დაამარცხა, მეცამეტედ მოიგო აღნიშნული ტურნირი და ამ მხრივ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შედეგი გააუმჯობესა. „არისტოკრატებთან“ შეხვედრაში „მეთოფეთა“ მხრიდან გოლები ალექსის სანჩესმა და აარონ რემზიმ გაიტანეს, ხოლო ანტონიო კონტეს გუნდიდან თავი დიეგო კოსტამ გამოიჩინა. ასევე რეკორდი დაამყარა არსენ ვენგერმა -  იგი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ინგლისის ასოციაციის თასი 7-ჯერ მოიგო. 67 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ჯორჯ რემზის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც „ასტონ ვილას“ თასი 6-ჯერ მოაგებინა.

„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალში „ანჟერი“ 1:0 დაამარცხა. ლეგენდარულ „სტად დე ფრანსზე“ გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის 91-ე წუთზე საკუთარ კარში ისა სისოკომ გაიტანა. პარიზულმა გუნდმა საფრანგეთის თასი ისტორიაში მეთერთმეტედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ქვეყნის რეკორდსმენია.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბერლინში გამართულ გერმანიის თასის ფინალში ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და 2016-2017 წლების სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. ანგარიში სწრაფად გაიხსნა: „ბორუსიას“ სწრაფ იერიშზე „აინტრახტის“ მცველებმა სათანადო რეაგირება ვერ მოახერხეს და უსმან დემბელეს გოლის გატანა არ გასჭირვებია. ნიკო კოვაჩის შეგირდებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს - თავი ანტე რებიჩმა გამოიჩინა. „აინტრახტისთვის“ შეხვედრას ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა: გარდა იმისა, რომ თასის მოგება პრესტიჟული გახლდათ, გამარჯვების შემთხვევაში ევროპა ლიგის საგზურსაც მიიღებდა, ამიტომაც მცდელობა არ დაუკლია მოსაგებად, მაგრამ მატჩი უფრო მაღალი კლასის გუნდმა მოიგო. მატჩის ბედი 66-ე წუთზე გადაწყდა: ფრანკფურტელთა მეკარემ ქრისტიან პულიშიჩი საჯარიმოში წააქცია და პენალტი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პანენკას სტილში გაიტანა - 1:2. დორტმუნდის „ბორუსიამ“ გერმანიის თასი მეოთხედ მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]