გასულ კვირას „სელესაომ“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა - საფრანგეთის თასის ფინალში მიღებული სერიოზული ტრავმის გამო ვეტერან დანი ალვესს მუნდიალი გაუცდება. მის ნაცვლად ბრაზილიელთა თავკაცმა ეროვნულ გუნდში „მანჩესტერ სიტის“ განაპირა მცველ დანილოს უხმო. იყო ვარაუდი, რომ ტიტე დანი ალვესს „იუვენტუსელი“ ალექს სანდროთი ანდა „პარი სენ-ჟერმენელი“ დავიდ ლუისით ჩაანაცვლებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
სამაგიეროდ გამოძახებულია ლიდერი ნეიმარი, რომელიც ტრავმას უკვე იშუშებს. სხვა მხრივ კი ნაკრები იმ ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, რომლებსაც ტიტე რეგულარულად იძახებდა და ბოლო პერიოდში გამართულ მატჩებში ენდობოდა.
ბრაზილიის ნაკრების 23-კაციანი განაცხადი ასეთია:
მეკარეები: ალისონი (რომა), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), კასიო (კორინთიანსი)
მცველები: მარკინიოსი, ტიაგო სილვა (ორივე - პარი სენ-ჟერმენი), მირანდა (მილანის ინტერი), მარსელო (მადრიდის რეალი), ფილიპე ლუისი (მადრიდის ატლეტიკო), დანილო (მანჩესტერ სიტი), ფაგნერი (კორინთიანსი), პედრო ჟერომელი (გრემიო).
ნახევარმცველები: პაულინიო, ფილიპე კოუტინიო (ორივე - ბარსელონა), კაზემირო (მადრიდის რეალი), ვილიანი (ჩელსი), ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი), რენატო აუგუსტო (ბეიძინ გოუანი), ფრედი (დონეცკის შახტარი).
თავდამსხმელები: ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი), დუგლას კოსტა (იუვენტუსი), გაბრიელ ჟეზუსი (მანჩესტერ სიტი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), ტაისონი (დონეცკის შახტარი).
მუნდიალის დაწყებამდე ბრაზილია ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 3 ივნისს ლივერპულში - ხორვატიასთან და 10 ივნისს ვენაში - ავსტრიასთან.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები რუსეთში პირველ მატჩს 17 ივნისს შვეიცარიასთან ჩაატარებენ, მეორე ტურში 22 ივნისს კოსტა რიკას შეხვდებიან, ხოლო ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრაში სერბეთს 27 ივნისს დაუპირისპირდებიან.