„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გასული წლებისთვის ლუის ენრიკეს. მისთვის ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იქნება. რაც შეეხება ვალვერდეს, იგი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. მისი სათამაშო სტილი კი „ბარსელონას“ იდენტურია და შეეფერება“, - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ.
ვალვერდემ „ბარსასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მას ოფიციალურად ხუთშაბათს, 1 ივნისს წარადგენენ.
ფეხბურთელობისას ერნესტო ვალვერდე 1988-1990 წლებში სწორედ „ბარსელონაში“ თამაშობდა და ესპანეთის სამეფო თასი და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, იგი მან ბილბაოს „ათლეტიკში“ დაიწყო, სადაც თამაშობდა კიდეც 1990-1996 წლებში. ბასკური კლუბის შემდეგ იგი წვრთნიდა „ესპანიოლს“, „ვილიარრეალს“, პირეოსის „ოლიმპიაკოსსა“ და „ვალენსიას“, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში კი - კვლავ ბილბაოს „ათლეტიკს“, სადაც ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.