weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რაგბის მსოფლიო თასიდან მოხსნილი რუმინეთის ადგილს რუსეთი დაიკავებს

12:36 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

მსოფლიო რაგბიმ ბოლო პერიოდის სარაგბო სკანდალის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი საგზური რუსეთის ნაკრებს ერგო, გერმანელებმა კი გადათამაშებაში ასპარეზობის უფლება მიიღეს.

ყველაფერი რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შემდეგ დაიწყო, როდესაც ესპანეთი ბელგიაში დამარცხდა და მსოფლიო თასის საგზური რუმინელებს გადაულოცა. პირენეელებმა წარუმატებლობაში ბელგიასთან თამაშზე გამწესებული რუმინელი რეფერი დაადანაშაულეს და შეხვედრის გადათამაშება მოითხოვეს. ამასობაში პროცესში სხვა მხარეებიც ჩაერთვნენ, საქმე უკვე ნატურალიზებული მოთამაშეებით სპეკულირებაში გადაიზარდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ყველაზე მეტად რუსეთმა და გერმანიამ იხეირეს: რუსები, რომელთაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავეს, იაპონიაში პირდაპირ წავლენ და A ჯგუფში ირლანდიას, შოტლანდიას, იაპონიასა და პლეი-ოფის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხებათ გერმანელებს, ისინი რეპეშაჟში პორტუგალიას გაეჯიბრებიან, წარმატების შემთხვევაში კი სამოასთან ჭიდილი ელით.

მსოფლიო რაგბიმ ბელგიისა და ესპანეთის ხსენებული მატჩის შედეგი ძალაში დატოვა, თუმცა რა ბედი ელის დისკვალიფიცირებული გუნდების მიერ ჩატარებულ სხვა შეხვედრებს, ეს ალბათ რაგბი ევროპამ უნდა გაახმაუროს. ცხადია, ამით საქართველოს ეროვნული ნაკრებიცაა დაინტერესებული, რადგანაც თუკი „ბორჯღალოსნებს“ გასულ წელს რუმინეთში წაგებულ მატჩში გამარჯვება ჩაეთვლებათ, ისინი 2017 წელს გამართული ტურნირის ჩემპიონებად გამოცხადდებიან. გარდა ამისა, მორაგბეების ნატურალიზების პროცედურების დარღვევის გამო ბელგიას, რუმინეთსა და ესპანეთს, შესაბამისად, £125, £100 და £50-ათასიანი პირობითი სასჯელი დაედოთ, რომლის გადახდაც იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუკი მომავალი 5 წლის განმავლობაში მსგავსი რამ განმეორდება.

რუმინელი ქომაგები მსოფლიო თასის ბილეთებში გადახდილ თანხას უკან მიიღებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო რაგბი 14 დღის განმავლობაში აპელაციებს განიხილავს და დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას ამის შემდეგ გაავრცელებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]