საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო ვიტალი დარასელიას შვილს გადასცა. ცერემონია ფეხბურთის ფედერაციაში შედგა.
„ჩვენ გვაქვს პირველი რესპუბლიკის ასი წლის საიუბილეო კვირეული და ბუნებრივია, რომ ამ კვირაში ჩვენ ვზეიმობთ და აღვნიშნავთ იმ ადამიანების განსაკუთრებულ ღვაწლს, ვინც ჩვენ ყველას გვეამაყება და ვინც გვაერთიანებს.
ქართული საზოგადოების ერთერთი გამორჩეული ნაწილი იყვნენ და არიან ჩვენი სპორტსმენები და განსაკუთრებით, კი ფეხბურთელები.
როდესაც თქვენ იმარჯვებდით, იმ მომენტში, ეს არ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო საქართველოს გამარჯვება. იმ ქვეყნის გამარჯვება, რომელიც მართალია, არ იყო დამოუკიდებელი, მაგრამ აჩვენებდა თავისი გამარჯვების, წარმატებისა და ბრძოლის უნარს. გვახსოვს, რომ ამ პერიოდის განსაკუთრებული სიყვარული, ტკივილიც და აღტაცებაც ვიტალი დარასელიას სახელს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, ის მომენტიც, რომ ეს დღეები საქართველოს პატრიარქმა აფხაზეთის დღეებად გამოაცხადა, დაუვიწყარია ის ემოცია, რასაც აკეთებდა ვიტალი დარასელია მოედანზე, ეს ემოცია იყო რამაც კიდევ უფრო წელში გაგვმართა და იმის შეძლება მოგვცა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა.
ამ ღვაწლის აღსანიშნავად, ჩვენი ზეიმის გასაძლიერებლად მინდა, ბატონი ვიტალი დარასელია დავაჯილდოვო ღირსების ორდენით სიკვდილის შემდეგ და ეს ჯილდო გადავცე მის შვილს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვიტალი დარასელია თბილისის „დინამოში“ 1975-1982 წლებში თამაშობდა. ლეგენდარული ფეხბურთელი 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორია. ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.