კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარი ჩაანაცვლა, რომელიც ნეაპოლელებს ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ედგა სათავეში და კლუბი იტალიის ჩემპიონატში ორჯერ მეორე ადგილზე, ერთხელ კი მესამეზე გაიყვანა. სარის მწვრთნელობისას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს კი სწორედ ახლახანს დასრულებულ სერია A-ში იყო, როდესაც ჩემპიონ „იუვენტუსს“ 4 ქულით ჩამორჩა.
ცნობილია, რომ „ნაპოლის“ ამბიციურ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მიზნად სწორედ იტალიის პირველობის მოგება სურს და გუნდი კარლო ანჩელოტის საამისოდ ჩააბარა.
რაც შეეხება ანჩელოტის, იგი ტიტულოვანი „მილანში“ მუშაობისას (2001-2009) გახდა, სადაც იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი, ასევე ორი ჩემპიონთა ლიგა, ორი UEFA-ს სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. „მილანის“ შემდეგ ანჩელოტი ორ-ორი სეზონი მუშაობდა „ჩელსიში“ (ინგლისის ჩემპიონი, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერ თასი), „პარი სენ-ჟერმენსა“ (საფრანგეთის ჩემპიონი) და მადრიდის „რეალში“ (ესპანეთის სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი), ბოლოს კი მიუნხენის „ბაიერნს“ წვრთნიდა, სადაც ბუნდესლიგა და ორჯერ გერმანიის თასი მოიგო, თუმცა გასულ წელს შუა სეზონიდან გაათავისუფლეს.