ფინალური შეხვედრა ლივერპულელთა აქტიურობით დაიწყო. იურგენ კლოპის გუნდს რეალური სახიფათო მომენტი თითქმის არ ჰქონია, მაგრამ სწრაფი შეტევები და თამაში ძირითადად მაინც „რეალის“ საჯარიმოსთან მიმდინარეობდა. ყველაფერი ტაიმის შუაწელს შეიცვალა: სერხიო რამოსსა და მოჰამედ სალაჰს შორის კონტაქტის დროს ეგვიპტელმა მხარი სერიოზულად დაიზიანა, ეცადა, რომ კარიერის უმნიშვნელოვანესი თამაში გაეგრძელებინა, მაგრამ ტრავმამ ამის საშუალება არ მისცა და „ლივერპულის“ ლიდერმა მოედანი ატირებულმა დატოვა. აქედან მოყოლებული ინგლისელთა შეტევებს სიმწვავე მოაკლდა, „რეალმა“ კი ნელ-ნელა თამაში გაათანაბრა.
გაცილებით თვალსასეირო გამოდგა მეორე ტაიმი. „რეალმა” მალევე გახსნა ანგარიში - გოლი არ გავიდოდა, რომ არა ლორის კარიუსი - გერმანელმა მეკარემ იმდენად სულელური შეცდომა დაუშვა, რომ ახსნაც რთულია - თანაგუნდელს ხელით პასს აწვდიდა, ბურთი კი კარიმ ბენზემამ ჩაუჭრა. 4 წუთში ჯეიმს მილნერის კუთხურს დეიან ლოვრენის კარგი თავური და კარის წინ ჩასაფრებული სადიო მანეს გოლი მოჰყვა. სხვათა შორის, მანე გახდა მეოთხე აფრიკელი (წინა სამი: რაბა მაჯერი (ალჟირი), სამუელ ეტო’ო (კამერუნი), დიდიე დროგბა (კოტ დ’ივუარი)) და პირველი სენეგალელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. მალევე გარეთ ბეილი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა, როდესაც თამაშში ცვლილებიდან ჩაერთო. ზინედინ ზიდანმა უელსელი ისკოს ნაცვლად შეუშვა მოედანზე და 122 წამში ბეილმა ზღაპრული გოლი გაიტანა - საოცარი „მაკრატელა“, რომლის მსგავსიც იშვიათად გადის. დუბლი კი თამაშის მიწურულს გაიფორმა, როდესაც 35 მეტრიდან დაარტყა ძლიერად, მაგრამ არცთუ სახიფათოდ, თუმცა ისევ და ისევ კარიუსმა ითამაშა არაპროფესიონალურად და ბურთი ხელიდან გაუვარდა - 1:3. ამით „ლივერპულისთვის“ ბრწყინვალედ მიმდინარე სეზონი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა მეკარემ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა (2), ვიდრე მანამდე ჩატარებულ 32 შეხვედრაში ერთად.
საინტერესოა ისიც, რომ იურგენ კლოპმა ზედიზედ მეექვსე ფინალი წააგო: ორჯერ - გერმანიის თასის ფინალი, ერთხელ - ინგლისის ლიგის თასის ფინალი, ერთხელ - ევროპა ლიგის ფინალი, ორჯერაც - ჩემპიონთა ლიგის. კლოპს სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთი, გერმანიის თასის ფინალი აქვს მოგებული 2012 წელს.
თავის მხრივ, ზინედინ ზიდანი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. კეილორ ნავასი პირველი მეკარე, რომელმაც მიჯრით სამ ფინალში ითამაშა და სამჯერვე ოქროს მედალს დაესაკუთრა. კრისტიანო რონალდომ კლარენს ზეედორფსა და ანდრეს ინიესტას გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის თასის მეხუთედ მოგებით პაოლო მალდინის დაეწია. პორტუგალიელი ვარსკვლავი ტურნირის ბომბარდირიც გახდა 15 გოლით. ისიც ვთქვათ, რომ „ლივერპულის“ შემტევმა ტრიომ (მანე-სალაჰი-ფირმინო) ჯამში 30 გოლი გაიტანეს (თითომ - 10-10) და ეს ლიგის ისტორიაში სარეკორდოა.
რეალი – ლივერპული 3:1
კიევი, ოლიმპიური სტადიონი, მაყურებელი: 61 561
რეალი (4-3-1-2): კ. ნავასი; კარვახალი (ნაჩო 37), ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო (ბეილი 61); ბენზემა (ასენსიო 89), კ. რონალდო.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
ლივერპული (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი (ემრე ჯანი 83), ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სალაჰი (ლალანა 31), ფირმინო, მანე.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 1:0 ბენზემა (51) 1:1 მანე (55) 2:1 ბეილი (64) 3:1 ბეილი (83).
გაფრთხილება: მანე (82)
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა