weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2019

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასი უძლიერეს სამხრეთ აფრიკასთან მარცხით დაიწყეს

11:07 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 hits 526

2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშების სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკის უძლიერეს ნაკრებს შეერკინა და მცირედი დააკლდა, რომ პირველივე სათამაშო დღეს ხმაურიანი სენსაცია დაეფიქსირებინა.

პირველი ქულები „ქურციკებმა“ მოიპოვეს: მე-10 წუთზე წინ თამაშის გამო აფრიკელთა შერკინება დაინიშნა, რომლიდანაც ბურთი გამოიტანეს და საბოლოოდ მარცხენა ფრთიდან მოახერხეს „ბორჯღალოსნების“ დაცვის გარღვევა, ლელო დადეს, ხოლო გარდასახვა ააცილეს.

ორიოდე წუთში ლაშა ლომიძემ ხაზი გაჭრა და ბურთი სანდრო სვანიძეს გაატანა, რომელიც ლელოდან ოთხ მეტრშიღა გააჩერეს, თუმცა შეტევა გაგრძელდა, ჯარიმის უპირატესობაც მოვიპოვეთ, თედო აბჟანდაძემაც ამით ისარგებლა და ლელოში ფეხით შეაცურა ბურთი, ლაშა ლომიძე კი მას მიჰყვა და ბურთი დაამიწა, გელა აფრასიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველო დაწინაურდა. სამ წუთში შერკინებამ ივარგა, მეტოქე დაჯარიმდა, ხოლო აფრასიძემ კარში დაარტყა და კიდევ 3 ქულა შემატა გუნდს.

ოცწლამდე „ბორჯღალოსნების” აქილევსის ქუსლი რაქებში თამაში იყო, სადაც მეტოქე ბევრად ჯობდა. 26-ე წუთზე საქართველომ აშკარა შეცდომა დაუშვა და ლელოთი დაისაჯა, რომელიც ამჯერად მეტოქემ გარდასახა. ტაიმი მაინც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა: დემურ თაფლაძემ 38-ე წუთზე მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და ძელებს შორის დაამიწა, აფრასიძემ კი გარდასახა და პირველი ნახევარი 17:12 მორჩა.

მეორე ნახევარი ქართველთათვის ძალიან ცუდად დაიწყო. გუნდმა 3 გარდასახული ლელო გაუშვა, რომელთაგან განსაკუთრებით დასანანი პირველი ლელო იყო, როდესაც მამუკაშვილს ბურთი დაუფარეს და მაშინვე ლელო დაამიწეს. ამას აფრასიძემ ჯარიმით უპასუხა და მე-60 წუთისთვის ანგარიში 20:33 იყო. „ბორჯღალოსნებმა“ მაინც იძალეს და 70-ე წუთზე სამხრეთ აფრიკელებს ბურჯი გაუსინბინეს, რითაც ქართველებმა უმალ ისარგებლეს და 71-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლუკა დვალიშვილმა მეტოქე მესამედ დაალელოვა, აბჟანდაძემ გარდასახა და მოსაგებად ერთი გარდასახული ლელო გვჭირდებოდა, თუმცა რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად ახალგაზრდა „ქურციკებმა“ ძალიან კარგად ითამაშეს, საქართველოს ნაკრებს შეტევის შესაძლებლობა აღარ მისცეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს, ხოლო ქართველებს ბონუსი ერგოთ – 27:33.

C ქვეჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა ირლანდია დაძაბულ ბრძოლაში 26:24 დაამარცხა.

მორიგ მატჩს ქართველი ოცწლამდელები 3 ივნისს მასპინძელ საფრანგეთთან გამართავენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]