weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

თბილისის „დინამო“ საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

10:57 პარასკევი, 01 ივნისი 2018

თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია. ირაკლი ხოშტარიას, მამუკა ტურაშვილისა და მარკო მინიჩის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ქუთაისის სპორტის სასახლეში „ქუთაისი 2010“-ს ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი მოუგეს (77:69) და სუპერლიგის შარშან მოგებული ჩემპიონობა შეინარჩუნეს.

„დინამომ“ მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, ადგილობრივ გულშემატკივართა უდიდესი წნეხის ქვეშ მოიგო. ქუთაისელმა ქომაგმა სპორტის სასახლე მთლიანად შეავსო. შეხვედრა სწორედ ისეთი გამოვიდა, გადამწყვეტ მატჩს რომ შეეფერებოდა და პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა.

პირველ პერიოდში უმეტესად ქუთაისელები იგებდნენ, რომლებიც სამწამიან ზონაში კომფორტულად გრძნობდნენ თავს, „დინამო“ კი შორი სროლებით გადიოდა ფონს. მიხეილ ბერიშვილისა და ლაველ ბოიდის სამქულიანებს მასპინძლებმა ბექა ბექაურისა და დეჟუან რაითის ზუსტი სროლები დაუპირისპირეს და პირველი ათწუთეული „ქუთაისმა“ 23:21 მოიგო. მეორე პერიოდი დინამოელებმა ოდნავ უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე ორქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:39. ვითარება მესამე პერიოდიდან შეიცვალა. „დინამომ“ მწყობრი დაცვის ხარჯზე მასპინძელთა შეტევების შეჩერება მოახერხა და კომბინირებული შეტევებით გაქცევა მოაწყო – პერიოდის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 52:44 დაწინაურდა. შემდეგ „ქუთაისის“ ჯერი დადგა - მასპინძლებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს და 54:52 დაწინაურდენ, თუმცა მესამე პერიოდის დარჩენილ 2 წუთში „დინამოელებმა“ წონასწორობა შეინარჩუნეს და ბოლო 2-წუთიან შესვენებაზე ერთქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 55:54. ბოლო პერიოდში მოვლენები დაძაბულად განვითარდა. მოქმედი ჩემპიონი წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. „დინამოელები“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, როცა ირაკლი ხოშტარიამ მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის მეორე ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა და დარბაზის დატოვება მოუხდა. მწვრთნელის გარეშე დარჩენილი თბილისელებმა ქუთაისელებს ბრძოლის მაგალითი უჩვენეს. კაელ ტურპინისა და ლაველ ბოიდის ქულებს მიხეილ ბერიშვილმა სამქულიანი დაურთო და შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე „დინამოს“ უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა – „დინამო“ არსებობის ისტორიაში მე-5 ჩემპიონობამდე მივიდა.

გამარჯვებულებს 27 ქულითა და 11 მოხსნით კაელ ტურპინმა ულიდერა. 17 ქულა მოაგროვა ლაველ ბოიდმა, 13 – ილია ლონდარიძემ, ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. „ქუთაისში“ 20 ქულით საუკეთესო იყო დეჟუარ რაითი, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ მასპინძლებს 12 ქულა შესძინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]