weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ჭაბუკი „ბორჯღალოსნები“ საფრანგეთთან დამარცხდნენ

10:59 ორშაბათი, 04 ივნისი 2018

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მასპინძელთა ნაკრებს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს, თუმცა საბოლოოდ 12:24 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ფრანგებმა ქართველ თანატოლებს თბილისში 8 ლელო გაუტანეს და 54:0 იმარჯვეს, ამჯერად კი შინ მხოლოდ სამი ლელო მიითვალეს და დაგეგმილი ბონუსის გარეშე დარჩნენ.

4 დღის წინ სამხრეთ აფრიკასთან ნაომარ სასტარტო შემადგენლობიდან 7 ცვლილება განხორციელდა. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 13 წუთის განმავლობაში ლიდერობდა და ტურნირზე კიდევ ერთი ბონუს-ქულის აღების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა.

მე-9 წუთზე საქართველომ ჯარიმა მიიღეო. განახლდა თუ არა თამაში, ქართველმა მორაგბეებმა ბურთი მოიპოვეს და მრავალსვლიანი შეტევისას თორნიკე ჯალაღონიამ ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ხოლო გელა აფრასიძემ გარდასახა - 7:3. გაშვებული ლელოს შემდეგ ფრანგებმა ბურთზე კონტროლი დაიბრუნეს და განუწყვეტლივ უტიეს. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ თავს კარგად იცავდნენ და ხაზიც სწრაფად ეწყობოდა, მაგრამ ლელო მაინც გავიდა, გარდასახვაც ზუსტი იყო და 25-ე წუთზე მასპინძლებმა 3-ქულიანი ლიდერობა დაიბრუნეს. 34-ე წუთზე სიტუაცია გართულდა, როდესაც რეფერიმ საკამათო სიტუაციაში სანდრო მამამთავრიშვილი გაასინბინა. ტაიმის ბოლოს თედო აბჟანდაძემ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი ლელოდან ხელდახელ შეუტია, მას კარგად მიყვა ოთარ ძაგნიძე და აფრასიძე, რომელმაც ფეხით კიდევ უფრო დიდი მანძილი მოიგო. ტაიმის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც მეტოქემ მეტობის გამოყენება მაინც მოახერხა და მეორე ტაიმს 10-ქულიანი უპირატესობით შეხვდა - 17:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში აფრასიძემ ჯარიმის გატანა 60 მეტრიდან სცადა. ბურთი ძელებსშუა მიფრინავდა, თუმცა დარტყმას ძალა დააკლდა. ამის კვლავ ფრანგთა მასირებული შეტევები მოყვა და 55-ე წუთზე მესამე გარდასახული ლელო გავიდა. დასკვნით 20 წუთში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და 69-ე წუთზე ქართველებმა ფრანგებს მეორე ლელო გაუტანეს, გარდასახვა არაზუსტი იყო, ბონუსის ასაღებად კი დასკვნით 10 წუთში ლელოზე უნდა ეთამაშათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და მასპინძელმა საფრანგეთმა 24:12 იმარჯვა.

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 7 ივნისს ნარბონში, ირლანდიასთან გამართავენ. შეხვედრა საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]