შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. პირველი ტაიმი აბსოლუტურად თანაბარი იყო და ამიტომაც გუნდები დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მესამე პერიოდში ვიტორიელებმა იძალეს და დიდწილად სწორედ ხსენებულ ათწუთეულში მოპოვებულმა უპირატესობამ განაპირობა მათი გამარჯვება. დასკვნითი მეოთხედის წინ ბასკები 9 ქულით იგებდნენ და ბუნებრივია უპირატესობის განიავება არ სურდათ. თავის მხრივ წაგება არც „სამეფო კლუბს“ სურდა და ამიტომაც ჩინებული თამაში გაჩაღდა. საბოლოოდ, ბასკებმა საწადელს მიაღწიეს და საბოლოოდ 94:90 იმარჯვეს.
სასიხარულოა, რომ აღნიშნულ წარმატებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 30 წუთი გაატარა. საგულისხმოა, რომ შეხვედრის გადამწყვეტ მომენტში „თოკომოტივმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა „ბასკონიას“.
შენგელია საკუთარ გუნდს 12 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი პასითა და 1 ჩაჭრით შეეწია. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა.
ფინალური სერიის მეორე მატჩი 16 ივნისს, ისევ მადრიდში გაიმართება.