ქუსლის ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ზაზა ფაჩულიამ მოქმედ ჩემპიონ „კლივლენდ კავალიერსთან“ ჯერ ორი ქულა მოუტანა გუნდს, შემდეგ კი წინ გასულ მეტოქეს კვლავ ჩაუგდო კალათში ბურთი და მისმა გუნდმა ჯერ თანაფარდობა აღადგინა, შემდეგ კი წინ გავიდა.
მატჩის გადამწყვეტი მომენტი მესამე პერიოდში დადგა. ოკლენდელებმა ცამეტქულიანი „გაქცევა“ მოაწყვეს და ფაჩულია ამ დროსაც გამორჩეული იყო - მან ჯერ შემოტრიალებით ტყორცნით ორი ქულა მოუტანა თავისიანებს, შემდეგ კი როგორც ამერიკელმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, „აკრობატული ლეიაფი“ ჩააგდო, ანგარიში 75:58 გახადა და ამის შემდეგ კალიფორნიელებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. საბოლოოდ „გოლდენ სტეიტმა“ 113:91 მოიგო, ფაჩულიამ კი 14 წუთში 8 ქულა (ხუთიდან ოთხი ორქულიანი ), 6 მოხსნა (ორი შეტევისას) და 2 ჩაჭრა მიითვალა. ამასთან, ზაზას ბურთი არცერთხელ არ დაუკარგავს.
თავის მხრივ „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ ზედიზედ მეცამეტე საპლეი-ოფე მატჩი მოიგო, რითაც NBA-ში რეკორდი გაიმეორა. ფაჩულიას გუნდში საუკეთესო 38 ქულითა და 8-8 მოხსნა-პასით კევინ დურანტი იყო. კლივლენდელებს ლებრონ ჯეიმსის 28 ქულამ, 15 მოხსნამ და 8 პასმა ვერ უშველა.
შეხვედრა ლაკონურად შეაფასა კლივლენდელთა დამრიგებელმა ტაირონ ლუმ - დღევანდელი „გოლდენ სტეიტის“ მსგავსი სიძლიერის გუნდი ჯერ არ მინახავსო.
„გოლდენ სტეიტისა“ და „კავალიერზის“ საჩემპიონო სერიის მეორე მატჩი 5 ივნისს გაიმართება. შეხვედრას კვლავ ოკლენდის Oracle Arena უმასპინძლებს.