weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი 2018: მეორე ტურის გადამწყვეტი შეხვედრები

10:26 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტურის კიდევ სამი მატჩი შედგა. პორტუგალიის ნაკრებს მაროკოს დასამარცხებლად კრისტიანო რონალდოს გოლი ეყო, ურუგვაიმ ლუის სუარესის გოლით მოიგო და მერვედფინალშია, ესპანეთმა კი ირანთან უდიდესი ბრძოლა გადაიტანა.

პორტუგალია-მაროკოზე შეიძლება ითქვას, რომ აფრიკელებმა ითამაშეს, ევროპელებმა კი მოიგეს. მე-4 წუთზე ლუზიტანიელებმა კუთხური გაითამაშეს, რონალდომ კი თავით შეაგდო და ანგარიში გახსნა. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო პორტუგალიელთა ერთადერთი ნათელი ეპიზოდი მთელ თამაშში და ლოგიკურია, რომ - ერთადერთი გოლიც. კრისტიანო რონალდო გატანილი გოლით ევროპის სანაკრებო რეკორდსმენი გახდა, რადგან 33 წლის სუპერვარსკვლავმა ეროვნული გუნდის მაისურით 85-ე გოლი გაიტანა და ფერენც პუშკაშს გაუტოლდა.

მაროკოელებმა კი ბევრი შანსი გააფუჭეს. „ატლასის ლომებს“ არათუ გათანაბრება, გამარჯვებაც მართებდათ. ჯერ მარტო გუნდის კაპიტანს, ცენტრალურ მცველ მედჰი ბენატიას შეეძლო არაერთი გოლის გატანა, თუმცა მაროკო საბოლოოდ ის გუნდი გამოდგა, რომელმაც განვლილ ორ მატჩში მეტოქეებზე უკეთ ითამაშა, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა.

A ჯგუფში რუსეთის მსგავსად მერვედფინალის საგზური ურუგვაის ნაკრებმაც მოიპოვა. ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდმა როსტოვში გამართულ მოსაწყენ მატჩში საუდის არაბეთის ნაკრები დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა. მატჩში მეტისმეტად უფერული გამოდგა და სათქმელიც ბევრი არაფერია - ერთადერთი გოლი აზიელთა კიპერის, მოჰამედ ალ ოვაისის შეცდომას მოჰყვა, როდესაც იქვე ჩასაფრებულმა ლუის სუარესმა, რომელიც ნაკრების მაისურით საიუბილეო მე-100 მატჩს ატარებდა, ადვილად გაიტანა. სხვათა შორის სუარესი გახდა პირველი ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელმაც სამ სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა გოლები (2010, 2014, 2018 წლებში).

ყაზანის სტადიონზე ესპანელებს გვარიანი ოფლისღვრა მოუწიათ პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად. ფერნანდო იეროს გუნდს, რომლის ბურთის ფლობა 81% იყო, მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარი ირანის გარღვევა საკმაოდ უჭირდა. 54-ე წუთზე ირანელთა დაცვის ცენტრი ჩავარდა, დიეგო კოსტა დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა, მაგრამ მას რამინ რეზაიანმა დაასწრო -მოგერიებული ბურთი სწრაფად მოხვდა კოსტას და კარში აღმოჩნდა. გოლის შემდეგ კარლოს კეიროსის გაწვრთნილ ირანელებს მომენტები ჰქონდათ, გაიტანეს კიდეც, თუმცა გოლი წესების დარღვევის გამო გაუქმდა. ირანს პლეი-ოფში გასვლა ბოლო ტურში, გუნდურად არც თუ ისე ხეირიანად მოთამაშე პორტუგალიის დამარცხებით შეუძლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]