სანკტ-პეტერბურგში ბრაზილია-კოსტა რიკის მატჩის პირველი ტაიმი ნაკლებად სანახავი გამოდგა. კოსტა რიკელებმა დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს, ბრაზილია კი ბურთს აკონტროლებდა, თუმცა სწრაფ შეტევებს ერიდებოდა და არც გამოსდიოდა. პირველ ნახევარში გუნდებმა მომენტები გაცვალეს, მეორე ტაიმში კი ფავორიტმა სამხრეთ ამერიკელებმა მოუმატეს და იერიში იერიშზე მიიტანეს კეილორ ნავასის კარზე, მაგრამ ტიტეს გუნდს არაფრით არ უმართლებდა. თავის მხრივ, კოსტა რიკა კონტრშეტევებზე გვარიანად „ჩხვლეტდა“ სახელოვან მეტოქეს. ურეალურესი საგოლე მომენტების მიუხედავად (ბრაზილიას პენალტიც დაუნიშნეს, რომელიც მალევე ვიდეო-რეფერიმ გააუქმა), 90 წუთში გოლი არ გავიდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენტაკამპეონებმა მაინც გატეხეს მეტოქე და ორი გოლი გაიტანეს, რამაც კოსტა რიკა შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლას გამოთიშა.
„ვოლგოგრად არენაზე“ გამართული შეხვედრა გუნდებმა ფრთხილი ტაქტიკით დაიწყეს. ნიგერიაცა და ისლანდიაც შეტევაში დიდი ძალებით წასვლას ერიდებოდნენ და მეტოქის შეცდომებს უცდიდნენ, რადგან ამ მატჩში სასწორზე ბევრი რამ იდო - არათუ ამ ორი გუნდის ბედი, არამედ - არგენტინის ნაკრებისაც. მოსაწყენი პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ტაიმში აფრიკელები გააქტიურდნენ და ნანატრი გოლიც გაიტანეს - აჰმედ მუსამ პარტნიორისგან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და ძლიერი დარტყმით აიღო კუნძულელთა კარი. გოლმა „სუპერ არწივებს“ ფრთები შეასხა, ისლანდიელებს კი ის შემართება ეკლდათ, რითაც არგენტინასთან პირველ შეხვედრაში გამოირჩეოდნენ. მუსამ ბურთი ხარიხასაც გაარტყა და შემდეგ გაიტანა კიდეც, როდესაც სოლო რეიდით გააბრუა ისლანდიელები. ჰეიმირ ჰალგრიმსონის გუნდს შეხვედრის გადარჩენის შანსი მიეცა, თუმცა პენალტიდან გიულფი სიგურდსონმა ბურთი მაყურებელში გაისროლა და ნიგერიამაც დამსახურებულად მოიგო. ამრიგად, ხორვატიის შემდეგ D ჯგუფის მეორე მერვედფინალისტის ვინაობის გასარკვევად უკანასკნელ ტურში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.