„ბორჯღალოსნები“ აზიელებს მეტ-ნაკლებად პირველ ტაიმში დაუდგნენ თანაბრად და მეტოქისგან სამი უპასუხო ჯარიმა მიიღეს. მეორე ნახევარში კი სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა - იაპონიამ სამჯერ დალაშქრა საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანი. ჰეიგის გუნდს შეტევაში კარგად თამაში არ გამოსდიოდა და ფაქტობრივად მეტოქეს ვერც აწუხებდა.
საქართველომ შეხვედრა უქულოდ დაასრულა და თუ ამას ფიჯიზე ჩატარებულ მეორე ნახევარსაც დავუმატებთ, გამოვა, რომ ზედიზედ სამი ტაიმია გუნდს 1 ქულაც არ მოუპოვებია. შედეგის გარდა „ბორჯღალოსანთა“ თამაშის ხარისხიც აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს და იმედია განვლილი ტესტ-მატჩებიდან სწორი დასკვნები გაკეთდება.
საქართველოს მორაგებთა ნაკრები მომდევნო მატჩებს ნოემბერში ჩაატარებს და სწორედ ამ თვეში დაუპირისპირდება იტალიის ნაკრებს. ეს შეხვედრა 10 ნოემბერს, ფლორენციაში შედგება.