weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანიის ნაკრებმა შვედეთი ბოლო წამებზე დაამარცხა

13:14 კვირა, 24 ივნისი 2018

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გერმანიის ეროვნულმა გუნდმა სოჭის სტადიონზე შვედეთის ნაკრები მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაამარცხა და მერვედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

რუსეთში მიმდინარე მუნდიალის პირველ შეხვედრაში მარცხის შემდეგ გერმანელთა შემადგენლობაში შვედების წინააღმდეგ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. იოახიმ ლიოვის გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, რათა ქვეჯგუფში ჩარჩენასა და სირცხვილს გადარჩენილიყო, ამიტომაც სკანდინავიელთა კარს პირველივე წუთებში ეკვეთა. შვედებმა დაახლოებით 15-წუთიან შტურმს გაუძლეს და ნელ-ნელა თამაშიც გაათანაბრეს, უფრო მეტიც - ანგარიში მათ გახსნეს და „ბუნდესმანშაფტიც“ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეორე ტაიმის სტარტზე კვლავ გერმანიამ შეუტია და წონასწორობაც უმალ აღადგინა - ტიმო ვერნერის გადაცემას მარიო გომესმა შეუცვალა მიმართულება, მარკო როისმა კი ბურთს მუხლი დაუხვედრა. ამის შემდეგ მატჩი მთლიანად გერმანელთა უპირატესობით წარიმართა, იანე ანდერსონის გუნდი კი კონტრშეტევებით ცდილობდა მეტოქე შეეწუხებინა. 82-ე წუთზე გერმანელთა გეგმები კინაღამ თავდაყირა დადგა, რადგან ორი ყვითელი ბარათის გამო ჟერომ ბოატენგი გააძევეს, თუმცა კაცნაკლულმა მსოფლიო ჩემპიონებმა მაინც განაგრძეს შვედების ნახევარზე იერიშები და ჯერ მარიო გომესს აუღო მეკარე რობინ ოლსენმა ურთულესი თავური, შემდეგ კი შეცვლაზე შესული იულიან ბრანდტის ძლიერი დარტყმული მოხვდა ძელს. შეხვედრა თითქოს ყაიმით სრულდებოდა, რაც შვედეთს აწყობდა, გერმანიას კი - არა, მაგრამ „გერმანულმა მანქანამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა უკანასკნელ წამებამდე ბრძოლის თვისება და საბოლოოდ ყველაფერი შვედების მიერ უკანასკნელ წამებზე „აკიდებული“ ჯარიმით დასრულდა - ტონი კროოსმა სტანდარტული სიტუაცია როისთან გაათამაშა და უზუსტესი დარტყმით აიღო მეტოქის კარი.

უმნიშვნელოვანესი სამი ქულის წყალობით გერმანია შემდგომ ეტაპისთვის ბრძოლაში ჩაება. ბოლო ტურში იოახიმ ლიოვის გუნდი სუსტ სამხრეთ კორეელებს დაუპირისპირდება, სოჭის ოლიმპიურ სარბიელ „ფიშტზე“ გაწბილებულ შვედეთს კი დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს მექსიკასთან, რომელმაც თავის მხრივ მეორე ტურში სამხრეთ კორეას იოლად სძლია და ორი გამარჯვებით იწონებს თავს. აზიელებთან მატჩში საიუბილეო 50-ე გოლის გატანა შეძლო ხავიერ „ჩიჩარიტო“ ერნანდესმა, რომელიც მექსიკის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა.

ერთი შეხვედრა შედგა G ჯგუფშიც, სადაც ბელგია ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე, ედენ აზარისა და რომელუ ლუკაკუს შესრულებული დუბლებით გაუსწორდა ტუნისის ნაკრებს, თუმცა სუსტი აფრიკული ნაკრებისგან ორი გოლიც გაუშვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]