სამარაში გამართულ მატჩში ურუგვაელები ლუის სუარესმა ზუსტად შესრულებულმა საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. ურუგვაელები მასპინძლებზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და უმალ გამოჩნდა, თუ რა ძალას წარმოადგენს რუსეთის ნაკრები საწყის ორ შეხვედრაში სუსტი გუნდების შთამბეჭდავი ძლევის მიუხედავად. იგორ აკინფეევის კარში მეორე გოლი რიკოშეტით გავიდა, შემდეგ ორი ყვითელი ბარათის გამო იგორ სმოლნიკოვი გააძევეს და შეხვედრა პრაქტიკულად ფორმალობად იქცა - გასატანი მხოლოდ ედინსონ კავანის ჰქონდა, რომელმაც რამდენიმე მცდელობის შემდეგ შეხვედრაში მესამედ აიღო სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდის კარი. აქვე გეტყვით, რომ ურუგვაის მეკარე ფერნანდო მუსლერამ რუსეთთან მატჩში ნაკრების მაისურით საიუბილეო მე-100 შეხვედრა გამართა.
ამავე ქვეჯგუფში პარალელურად მიმდინარე შეხვედრა ვოლგოგრადში შედგა. უმოტივაციო საუდის არაბეთი და ეგვიპტე ერთმანეთს მხოლოდ პრესტიჟისთვის ებრძოდნენ. „ფარაონები“ გუნდის ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა დააწინაურა, მალევე კი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ვერ ივარგა და ანგარიში ვერ გაზარდა. ამის შემდეგ საუდელებმა მოიპოვეს მატჩის სადავეები და პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა ჩრდილო აფრიკელთა 45 წლის მეკარე ესამ ელ-ჰადარიმ თერთმეტი მეტრიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. ვეტერანმა გოლკიპერმა მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი მოხსნა - იგი ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მონაწილე გახდა. საუდის არაბეთმა პირველივე ტაიმში მაინც პენალტით გაათანაბრა, შეხვედრის უკანასკნელ წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
მე-3 ტურში ინტრიგა არსებობდა B ჯგუფში: შედარებით კომფორტულ სიტუაციაში ფავორიტი ევროპული ნაკრებები, ესპანეთი და პორტუგალია იმყოფებოდნენ, კერძოდ - პორტუგალიას მერვედფინალის საგზურისთვის ირანთან ფრეც ყოფნიდა, ირანს მოგება სჭირდებოდა, ესპანეთს კი უმოტივაციო მაროკო ეთამაშებოდა, რაც ფერნანდო იეროს გუნდის შანსებს ზრდიდა. ირანი-პორტუგალიის ნერვიულ თამაშში ანგარიში რიკარდო კვარეზმას ულამაზესი დარტყმით გაიხსნა, პორტუგალიელმა შემტევმა მაღალი ტექნიკა ტაიმის მიწურულს გამოავლინა. მეორე ნახევარში ევროპელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და თითქოს ყველაფერი უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა კრისტიანო რონალდოს დარტყმული ბურთი მეკარე ალირეზა ბეირანვანდმა ხელებში დაიჭირა. პორტუგალიელი კარლოს კეიროსის გაწვრთნილი ირანი უკანასკნელი ძალებით წავიდა წინ და 90-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ამჯერად პორტუგალიელთა კარში, საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დაინიშნა, რომელიც გოლად ქარიმ ანსარიფარდმა აქცია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ირანელებმა ურეალურესი მომენტი გააფუჭეს, არადა გოლის გატანისა და გამარჯვების შემთხვევაში ქვეჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდნენ, პორტუგალიას გამოთიშავდნენ და შესაბამისად, მერვედფინალში რუსეთს შეხვდებოდნენ, რადგან პარალელურ შეხვედრაში უმოტივაციო მაროკომ „კარი გაიჯახუნა“ და ესპანეთს მოგება არ დაანება. უფრო სწორად, „ატლასის ლომები“ ორჯერ იგებდნენ შეხვედრას და ესპანელებმა გათანაბრება ორჯერ მოახერხეს. საბოლოოდ ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, ირანი ჯგუფში ჩარჩა, ბურთების შეფარდების წყალობით პირველი ადგილი ესპანეთს ერგო, მეორე კი - პორტუგალიას.
მაროკოელებმა პირველი გოლი ესპანელთა შეცდომით გაიტანეს, შემდეგ ანდრეს ინიესტას პასით ისკომ გაათანაბრა. მეორე ნახევარში ერვე რენარის გუნდმა უფრო მეტი მომენტი შექმნა და 81-ე წუთზე „მალაგაში“ მოთამაშე იუსეფ ენ-ნესირიმ კუთხურიდან თავურით იხეირა. პირენეელებს ქულა შეცვლაზე შესულმა იაგო ასპასმა გადაურჩინა - დამატებულ წუთებზე „სელტას“ ფორვარდმა ეფექტურად, ქუსლით აიღო მაროკოელთა კარი და 2:2 დააფიქსირა.
ამრიგად, მერვედფინალში ერთმანეთს ურუგვაი-პორტუგალია და ესპანეთი-რუსეთი შეხვდებიან.
A ჯგუფი:
1. ურუგვაი - 9 ქულა, ბურთები 5:0
2. რუსეთი - 6 ქულა, ბურთები 8:4
3. საუდის არაბეთი - 3 ქულა, ბურთები 2:7
4. ეგვიპტე - 0 ქულა, ბურთები 2:6
B ჯგუფი:
1. ესპანეთი - 5 ქულა, ბურთები 6:5
2. პორტუგალია - 5 ქულა, ბურთები 5:4
3. ირანი - 4 ქულა, ბურთები 2:2
4. მაროკო - 1 ქულა, ბურთები 2:4