მოსკოვის „ოტკრიტიე არენაზე“ შეხვედრა თანაბრ ბრძოლაში დაიწყო და სერბები ტოლს არ უდებდნენ პენტაკამპეონებს, თუმცა ნელ-ნელა ბრაზილიელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და გოლზე თამაშიც დაიწყეს, რამაც შედეგი 36-ე წუთზე გამოიღო - ფილიპე კოუტინიოს დიდებული გადაცემა პაულინიომ გოლად აქცია. მეორე ტაიმში სერბეთმა დაახლოებით ხუთწუთიანი შტურმი მოაწყო ბრაზილიის კართან, თუმცა გოლი არაფრის დიდებით არ გავიდა და ამის შემდეგ მლადენ კრსტაიჩის გუნდს შანსი პრაქტიკულად აღარც მისცემია. ბრაზილიამ კი გაილაღა, თამამად იბურთავა, მეორე გოლიც გაიტანა (ტიაგო სილვამ ნეიმარის კუთხურიდან თავით) და პუბლიკას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ტექნიკური და ლამაზი თამაში მათი მთავარი კოზირია.
ნიჟნი ნოვგოროდში პარალელურად მიმდინარე შეხვედრა კოსტა რიკისთვის პრესტიჟის საქმე იყო, შვეიცარიას კი გამარჯვება სურდა. ამერიკელებმა საწყის წუთებში ორი ურეალურესი მომენტი შექმნეს, თუმცა პირველი გოლი მაინც „ნეიტრალებმა“ გაიტანეს, როდესაც პარტნიორის მიერ თავით დაგდებული ბურთი ბლერიმ ჯემაილიმ კეილორ ნავასის კარში შეარჭო. კოსტა რიკამ მეორე ნახევარში კუთხურიდან თავურით გაათანაბრა, შემდეგ კი იოსიპ დრმიჩმა ჯერ თავით ძელს გაარტყა ბურთი, შემდეგ კი კვლავ წინ გაიყვანა თავის გუნდი, თუმცა კოსტა რიკელებმა შეხვედრა მაინც გადაარჩინეს - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანიშნული პენალტი კოსტა რიკის კაპიტანმა და ლიდერმა ბრაიან რუისმა შეასრულა, ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა ტყავის სფერო ზურგში შვეიცარიელთა მეკარე იან ზომერს მოხვდა და ავტოგოლი გავიდა - 2:2.
ამრიგად, მერვედფინალში ბრაზილია მექსიკას დაუპირისპირდება, შვეიცარია კი - შვედეთს.
E ჯგუფი:
1. ბრაზილია - 7 ქულა, ბურთები 5:1
2. შვეიცარია - 5 ქულა, ბურთები 5:4
3. სერბეთი - 3 ქულა, ბურთები 2:4
4. კოსტა რიკა - 1 ქულა, ბურთები 2:5