weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

11:00 პარასკევი, 29 ივნისი 2018

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის ბოლო შეხვედრები გაიმართა და უკლებლივ ყველა მერვედფინალისტი გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

ორი მერვეფინალური საგზურისთვის H ჯგუფში სამი გუნდი იბრძოდა. უმოტივაციო პოლონეთი იაპონიის წინააღმდეგ მხოლოდ პრესტიჟის დასაცავად თამაშობდა, აზიელები კი პარალელურ შეხვედრაზეც იყვნენ დამოკიდებულნი. სენეგალი და კოლუმბია გადამწყვეტ თამაშში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ, უფრო მეტიც - მოედნის ცენტრში აფრიკელები სამხრეთ ამერიკელებს ჯაბნიდნენ კიდეც. „კაფეტერებს“ წინა მატჩისგან განსხვავებით სწრაფი და გახსნილი თამაში არ გამოსდიოდათ და ნერვიულობდნენ კიდეც. მე-17 წუთზე მეკარის პირისპირ საჯარიმოში შეჭრილი სადიო მანე დავინსონ სანჩესმა უკანიდან ვარდნით შეაჩერა და მსაჯმაც პენალტისთვის ჩასტვინა, თუმცა კამათისა და ვიდეო-რეფერის განხილვის შემდეგ დარღვევა არ გამოვლინდა და თერთმეტმეტრიანი გაუქმდა. ორივე მატჩის პირველი ტაიმები უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი პოლონელმა მცველმა იან ბედნარეკმა იაპონიას გაუტანა. ეს სიტუაცია სენეგალსა და კოლუმბიას აწყობდათ, რადგან ორივე გადიოდნენ შემდგომ ეტაპზე, თუმცა 74-ე წუთზე „ბარსელონას“ ტანმაღალმა მცველმა ჯერი მინამ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შეაგება და სენეგალელები დაამწუხრა. ალიუ სისეს გუნდი თანაბარი ქულებისა და გატანილ-გაშვებული ბურთების ერთნაირი შეფარდების მიუხედავად იაპონიას ჩამორჩებოდა, რადგან მეოთხე კრიტერიუმის მიხედვით, იაპონიასა და სენეგალს შორის გამოსავლენ უკეთეს გუნდს ყვითელი ბარათები წყვეტდა, რაც სენეგალელებს უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე - იაპონელებს. სენეგალმა დარჩენილ დროში შეუტია, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრა და რადგან პარალელურ შეხვედრაშიც არაფერი შეიცვალა, მერვედფინალის საგზური კოლუმბიასა და იაპონიას ერგოთ.

H ჯგუფი:

1. კოლუმბია - 6 ქულა, ბურთები 5:2

2. იაპონია - 4 ქულა, ბურთები 4:4

3. სენეგალი - 4 ქულა, ბურთები 4:4

4. პოლონეთი - 3 ქულა, ბურთები 2:5

G ჯგუფში გასარკვევი მხოლოდ ის იყო, თუ ვინ დაიკავებდა ბელგიასა და ინგლისს შორის ქვეჯგუფის პირველ და მეორე ადგილებს. ორივე გუნდი მთლიანად გადახალისებული შემადგენლობით გავიდა კალინინგრადის სტადიონზე და გულშემატკივართა მოლოდინიც გამართლდა - არცერთი გუნდი მოსაგებად არ თამაშობდა და ზედმეტ ძალას არ ხარჯავდა. უმრავლესობის აზრით, ბელგიაცა და ინგლისისც პლეი-ოფებზე ფიქრობდა და გათვლას იმაზე აკეთებდა, თუ ვისთან მოუწევდათ შემდგომ მატჩებში თამაში. შეხვედრაში, რომელიც ამხანაგურ მატჩს უფრო ჰგავდა, ვიდრე - ოფიციალურს, ერთი გოლი გავიდა - წარმოშობით კოსოვოელმა ადნან იანუზაიმ უზუსტესი ცაცია დარტყმით ლამაზი გოლი გაუტანა ჯორდან პიკფორდს. გუნდები მომენტებს ქმნიდნენ, თუმცა ანგრიში აღარ შეცვლილა და პირველი ადგილი ბელგიას ერგო, მეორე კი - გარეთ საუთგეიტის შეგირდებს.

სარანსკის „მორდოვია არენაზე“ ჯგუფის აუტსაიდერების პარალელურად გამართული შეხვედრა უფრო ძლიერმა ტუნისმა მოიგო. პირველი გოლი პანამამ რიკოშეტით გაიტანა და ტაიმიც მოიგო, თუმცა მეორე ნახევრის 15-წუთიან მონაკვეთში „კართაგენის არწივებმა“ ორი გოლი გაიტანეს და მუნდიალი გამარჯვებით დაასრულეს.

G ჯგუფი:

1. ბელგია - 9 ქულა, ბურთები 9:2

2. ინგლისი - 6 ქულა, ბურთები 8:3

3. ტუნისი - 3 ქულა, ბურთები 5:8

4. პანამა - 0 ქულა, ბურთები 2:11

ამრიგად, ბელგია იაპონიას შეხვდება, ინგლისი კი - კოლუმბიას. რაც შეეხება სხვა მერვედფინალურ წყვილებს, საპლეი-ოფო ბადე ასე გამოიყურება:

ურუგვაი-პორტუგალია - საფრანგეთი-არგენტინა

ბრაზილია-მექსიკა - ბელგია-იაპონია

ესპანეთი-რუსეთი - ხორვატია-დანია

შვედეთი-შვეიცარია - კოლუმბია-ინგლისი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]