შეხვედრის გამარჯვებული უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ცნობილი იყო. ამის მიზეზი საწყის ორ მეოთხედში ილიას ზუროსის გუნდის მეტად სუსტი თამაში გახლდათ. ქართველი კალათბურთელები ვერც დაცვაში თამაშობდნენ მაღალ დონეზე, მაგრამ განსაკუთრებით კრიტიკას ვერ გაუძლო მათმა მოქმედებამ შეტევაში. სტუმრები დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 18:37.
მეორე ტაიმში ასეთი სხვაობის აღმოფხვრა სერბეთის დარ გუნდთან კი არა, გაცილებით სუსტთანაც ჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა კალათბურთელებმა მესამე პერიოდში ზუსტად იმდენი ქულა ჩააგდეს, რამდენიც მთლიანად პირველ ტაიმში, მესამე მეოთხედიც ვერ მოიგეს და სხვობა კიდევ უფრო დიდი გახდა დასკვნითი მეოთხედის წინ. სერბეთი დომინირებას განაგრძობდა, კლასში სხვაობა უდიდესი იყო, საბოლოოდ კი საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან 37 ქულის სხვაობით წააგო – 50:87.
ილიას ზუროსის გუნდის რიგებში ათქულიან ზღვარს მხოლოდ ორი მოთამაშე გადასცდა – ტად მაკფადენი (18 ქულა) და თორნიკე შენგელია (13 ქულა). სერბთა რიგებში კი დეიან ტოდოროვიჩი (24 ქულა), დრაგან მილოსავლიევიჩი (15 ქულა) და ბობან მარიანოვიჩი (13 ქულა) გამოირჩნენ.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში დებიუტი მაკფადენის გარდა, რატი ანდრონიკაშვილსა და სანდრო მამუკელაშვილსაც ჰქონდა, რომელიც პარკეტზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
საქართველო 5 ტურის თავზე 1 მოგებითა და 4 მარცხით ჯგუფში მესამე ადგილზეა. ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურის მატჩს ისევ თბილისში, ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებს. აღნიშნული შეხვედრა 2 ივლისს, სპორტის სასახლეში 19:00 საათიდან დაიწყება. თუ ქართველი კალათბურთელები ამ შეხვედრას არ წააგებენ, შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.