weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საფრანგეთი მეოთხედფინალშია

21:39 შაბათი, 30 ივნისი 2018

სუპერმატჩი - ასე შეიძლება ეწოდოს 2018 წლის მუნდიალის პირველი მერვედფინალური წყვილის შეხევდრას, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთი და არგენტინა დაუპირისპირდნენ. უხვგოლიან სანახაობრივ შეხვედრაში გამარჯვება ფრანგებს დარჩათ, ლიონელ მესი და კომპანია კი ტურნირს დრამატული მარცხით გამოეთიშნენ.

„ყაზან არენაზე“ ანგარიში საფრანგეთის ნაკრებმა გახსნა, როდესაც მე-13 წუთზე საჯარიმოში შეჭრილი კილიან მბაპე მარკოს როხომ წესების აშკარა დარღვევით შეაჩერა და გაფრთხილებაც დაიმსახურა. თერთმეტმეტრიანი გოლად ანტუან გრიზმანმა აქცია. ამის შემდეგ „სამფეროვნებმა“ უკან დაიხიეს და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დიდიე დეშანის გუნდს როცა მოუნდებოდა მაშინ შეუტევდა მეტოქეს. ბურთს არგენტინელები ფლობდნენ, თუმცა მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოების მიუხედავად უშეცდომოდ მოთამაშე ფრანგებს ვერაფერს უხერხებდნენ. ამის მიუხედავად „ალბისელესტემ“ მაინც გაათანაბრა - ტაიმის მიწურულს ანხელ დი მარიამ საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მიიღო, გაისწორა და უზუსტესი და უძლიერესი დარტყმით ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარი ხორხე სამპაოლის გუნდისთვის ფანტასტიურად დაიწყო - ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მყოფმა მესიმ კარში დაარტყა, ბურთი თანაგუნდელ გაბრიელ მერკადოს მოხვდა და რიკოშეტით აღმოჩნდა უგო ლორისის კარში. არგენტინის ნაკრები სიხარულით ცას ეწია, თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან მალევე სწრაფი შეტევიდან ჩაწოდებული ბურთი მარჯვენა მცველ ბენჟამინ პავარ ფეხზე „მოაჯდა“ და ასევე უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა. არგენტინა კვლავ ანერვიულდა, ფრანგებმა კი დრო იხელთეს და ათ წუთში კიდევ ორი გოლის გატანა შეძლეს. დუბლი შეასრულა შევხედრის საუკეთესო მოთამაშე კილიან მბაპემ, რომელსაც არგენტინელი მცველები ვერაფერს უხერხებდნენ. ინტრიგა თითქმის მოკვდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მესის გადაცემით შეცვლაზე შესულმა სერხიო აგუერომ თავური დარტყმით აიღო ლორისის კარი. ეს იყო და ეს, არგენტინელებს აღარც დრო ეყოთ და აღარც - ძალა. საბოლოო შეფასებით კი გამოჩნდა, რომ საფრანგეთის ნაკრებს უდიდესი პოტენციალი აქვს და მართლაც უდიდეს ძალას წარმოადგენს მიმდინარე ჩემპიონატზე, არგენტინამ კი ამ ეტაპზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და მუნდიალს დაემშვიდობა.

საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში ურუგვაი-პორტუგალიაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]