weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი და ხორვატია მეოთხედფინალში პენალტების სერიით გავიდნენ

10:39 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა - მასპინძელთა ნაკრებმა ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ესპანეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში გამოთიშა გათამაშებიდან. ხორვატია-დანიის მატჩის ბედიც ანალოგიურად თერთმეტმეტრიანებით გადაწყდა.

ესპანეთი-რუსეთის წყვილში უმრავლესობა უპირობო ფავორიტად „ფურია როხას“ თვლიდა. ფერნანდო იეროს გუნდმა „ლუჟნიკებზე“ კარგადაც დაიწყო და ანგარიში სერგეი იგნაშევიჩის ავტოგოლით გაიხსნა, რომელიც სტანდარტული სიტუაციისას სერხიო რამოსის დამსახურება გახლდათ. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა მალევე გაათანაბრა, როდესაც ხერარდ პიკემ საჯარიმოში ხელით ითამაშა, არტიომ ძიუბამ კი პენალტით წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ მოსაწყენ თამაშში ბურთს ესპანელები ფლობდნენ, თუმცა უხეიროდ და უფანტაზიოდ ირჯებოდნენ და საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ. შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც რუსეთმა ანგარიში შეინარჩუნა, ესპანელებმა კი კვლავ ვერაფერი მოიფიქრეს გამარჯვებისთვის. საბოლოოდ ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, სადაც იგორ აკინფეევმა ორი პენალტის მოგერიება შეძლო, რუსებმა კი დავიდ დე ხეას ოთხი პენალტი გაუტანეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც გუნდს აქამდე არასოდეს უთამაშია.

არანორმალურად დაიწყო შეხვედრა ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც მე-4 წუთზე ანგარიში უკვე 1:1 იყო. უსწრაფესად გაცვლილი გოლების შემდეგ თამაშის ტემპი დავარდა და გუნდებმაც სიფრთხილით დაიწყეს მოქმედება. ხორვატიაცა და დანიაც წინ დიდი ძალების წასვლას ერიდებოდნენ, თუმცა მომენტებს მაინც ქმნიდნენ. თანაბარ ბრძოლაში ძირითადი დრო გაილია და აქაც ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. 116-ე წუთზე კი ლუკა მოდრიჩის იდეალური პასით ანტე რებიჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა კიდეც და სანამ ცარიელ კარში ბურთს შეაგორებდა, ამ დროს დანიელმა მცველმა უკნიდან აკრძალული ილეთით შეაჩერა. არგენტინელმა მსაჯმა ნესტორ პიტანამ დანიელთა მხრიდან გოლის ავტორი მათიას იორგენსენი დაინდო და ყვითელი ბარათი აკმარა, არადა ფეხბურთელი გაძევებას იმსახურებდა. პენალტის ნიშნულთან ხორვატთა გუნდისთავი მოდრიჩი მივიდა, თუმცა მისი დარტყმული კასპერ შმაიხელმა ხელებში გააქვავა და მატჩიც თერთმეტმეტრიანების სერიით გაგრძელდა. საწყისი პენალტები შმაიხელმა და დანიელ სუბაშიჩმა მოიგერიეს, შემდეგ ფეხბურთელებმა ორ-ორი გაიტანეს, რის შემდეგაც მეკარეებმა კიდევ თითო-თითო დარტყმული აიღეს. გადამწყვეტი პენალტი კი სუბაშიჩმა მოიგერია, საპასუხოდ ივან რაკიტიჩმა შეაგდო და მეოთხედფინალში რუსეთს სწორედ ზლატკო დალიჩის გუნდი დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]