weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბელგიის ნაკრებმა იაპონია უკანასკნელ დამატებულ წუთზე დაამარცხა

11:19 სამშაბათი, 03 ივლისი 2018

ბელგია-იაპონიის მერვედფინალურ წყვილში უმრავლესობა უპირობო ფავორიტად ევროპელებს თვლიდა და ბევრი დიდი სხვაობით მათ გამარჯვებასაც პროგნოზირებდა, თუმცა „ამომავალი მზის ქვეყნის“ ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუზია ბელქიის ნაქებ გუნდს და მორიგი სენსაციის დაფიქსირებამდე ძალიან მცირედი დააკლდა.

პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა და იაპონიის ნაკრებმა ფავორიტ ბელგიას ტოლი არაფერში დაუდო. ბურთს უმეტესად ბელგია ფლობდა, თუმცა აკირა ნიშინოს გუნდი კარგად კომბინირებდა და წინა მატჩების მსგავსად ორგანიზებულად თამაშობდა.

მეორე ნახევრის სტარტზე იაპონიამ ანგარიში გახსნა - სწრაფი კონტრშეტევისას გენკი ჰარაგუჩიმ მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით გაუტანა ტიბო კურტუას. ბელგიამ ტემპს მოუმატა და ერთ მომენტში ედენ აზარმა ძელსაც გაარტყა ბურთი, თუმცა სამ წუთში იაპონიამ მეორე გოლი გაიტანა - ტაკაში ინუიმ საჯარიმოს მისადგომებიდან ასევე უზუსტესი დარტყმით მეორედ დაამწუხრა „წითელი ეშმაკები“. ეს უკვე ბელგიის ნაკრების კატასტროფას ნიშნავდა და ევროპელებმაც მთელი ძალებით მოაწყეს საპასუხო მასირებული შეტევები „ლურჯი სამურაების“ კართან. რობერტო მარტინესის გუნდს მალევე გაუმართლა, როდესაც მცველმა იან ვერტონგენმა საჯარიმოს გადმოვარდნილი ბურთი თავით ისევ საჯარიმოში ჩააბრუნა, თუმცა ბურთი კარში წავიდა და ეიჯი კავაშიმას კარში ჩაეშვა. ბელგიის ნაკრები მიხვდა, რომ მეორე სართული მათი უპირატესობა იყო და ანგარიშიც 5 წუთში ასევე თავური დარტყმით გაათანაბრა. ეს შეცვლაზე შესულმა მარუან ფელაინიმ ედენ აზარის ჩაწოდების შემდეგ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, არ გატყდა და არც დაცვაში გამაგრებულა ბრმად. პირიქით, როგორც შეეძლო ისე უტევდა. შეცვლაზე შესულ კეისუკე ჰონდას ერთ მომენტში ბელგიელმა მცველმა დაუფარა, ხოლო მეკარე კურტუამ გუნდი აქსელ ვიტსელის ავტოგოლისგან იხსნა. თავის მხრივ ეიჯი კავაშიმამ შეცვლაზე შესული ნასერ შადლისა და რომელუ ლუკაკუს თავურებზე გამოავლინა კარგი რეაქცია. მსაჯმა ძირითად დროს 4 წუთი წაამატა და უკანასკნელ კომპენსირებულ წუთზე, როდესაც ყველა დამატებით 30 წუთისთვის ემზადებოდა, იაპონიამ 35 მეტრიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მიიღო. ეს ჰონდას საყვარელი წერტილი იყო და დარტყმაც კარგი გამოუვიდა, მაგრამ კურტუამ დარტყმული გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე. კუთხური კი იაპონიამ სწრაფად ჩააწოდა, არ გაათამაშა და დრო არ მოიგო, დამატებული წუთები თითქმის ამოწურული იყო, როდესაც ბელგიელმა მეკარემ აღებული ბურთი კევინ დე ბრუინს გაუგორა, რომელმაც უსწრაფესი კონტრშეტევა წამოიწყო, რიცხობრივი უპირატესობისას ფლანგზე ტომა მენიე მოძებნა, მან კი გადაცემა უკვე მეტოქის საჯარიმოში გააკეთა: ლუკაკუმ ბურთი სწრაფად გაატარა და ნასერ შადლიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. უაღრესად ემოციური და დრამატული მატჩი ბელგიამ მოიგო, იაპონიამ კი უდიდესი შოკი მიიღო და მუნდიალს გამოეთიშა. ბელგიის ნაკრები მეოთხედფინალში ბრაზილიას დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]