„ყაზან არენაზე“ შეხვედრა ბრაზილიელა იერიშებით დაიწყო და ტიტეს გუნდი გოლთან საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა ტიაგო სილვას საოცრად არ გაუმართლა და დაუცველ კარში ძელს მოახვედრა ბურთი. საპასუხოდ ბელგიამ კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა და ერთი შეხედვით საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში დისკვალიფიცირებული კაზემიროს ნაცვლად ძირითადში გამწესებულმა ფერნანდინიომ კურიოზული ავტოგოლი მიითვალა („მანჩესტერ სიტის“ შუახაზელმა მთელი მატჩის განმავლობაშიც არაერთი შეცდომა დაუშვა). გაშვებული გოლის შემდეგ ბრაზილია კვლავ წინ წავიდა და კვლავ შექმნა სახიფათო მომენტები, თუმცა სწორი ტაქტიკით მოთამაშე ევროპელებისგან მეორე გოლიც გაუშვა - სწრაფი კონრტშეტევა კევინ დე ბრუინმა უზუსტესი დარტყმით დაასრულა. ბრაზილიამ ცივი შხაპი მიიღო და მთელი ძალებით შეუდგა ჩამორჩენის აღმოფხვრას, მაგრამ მეკარე ტიბო კურტუა კარგად იცავდა კარს, ბელგიელები კი მწვავედ უტევდნენ კონტრიერიშებზე.
მეორე ტაიმში ანალოგიური სურათი გაგრძელდა. ბრაზილია ბევრს უტევდა, თუმცა ფატალურად არ უმართლებდა. ტიტეს გუნდი ყველანაირი ხერხით ცდილობდა გოლის გატანას, სამჯერ იყო საპენალტე ეპიზოდიც, თუმცა სერბმა არბიტრმა მილორად მაჟიჩმა ბელგიელები სამჯერვე დაინდო. სამხრეთ ამერიკელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოახერხეს - ფილიპე კოუტინიოს რბილი პასით შეცვლაზე შესულმა რენატო აუგუსტომ თავით იხეირა. გოლთან ახლოს იყვნენ კოუტინიო, რობერტო ფირმინო და ნეიმარი, რომლის დარტყმულიც უკანასკნელ წუთზე სასწაულებრივად უკუაგდო ტიბო კურტუამ. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელთა დღე აშკარად არ იყო, ბელგიამ კი სწორი ტაქტიკისა და უშეცდომო თამაშით სანუკვარი მიზნის ასრულება შეძლო და არსებობის ისტორიაში მეორედ, მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს შეხვდება. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი კი დარჩენილ შეხვედრებში სამხრეთ ამერიკის ნაკრებთა გარეშე ჩაივლის.