პირველ ნახევარში ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდა (15-20 წუთი ჯობდა კიდეც), თუმცა მეტოქემ მცირე შეცდომები არ გვაპატია და ტაიმი 12-ქულიანი უპირატესობით მოიგო.
ანგარიში მე-17 წუთზე აფრიკელთა ლელოთი გაიხსნა და გარდასახვაც ზუსტად შესრულდა. ამის შემდეგ ჭაბუკმა „ბორჯღალოსნებმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და დაახლოებით 15 წუთი თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. ძალიან მალე ნაკრების კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა, რომელიც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ძალიან საეჭვოდ გააუქმა. 29-ე წუთზე ქართველების ლელო მაინც ვიხილეთ: მესხის და აფრასიძის მშვენიერი გარჯა უჩა ჭეიშვილმა იდეალურად დააბოლოვა, ხოლო გარდასახვა აფრასიძემ შეასრულა ზუსტად და ანგარიში გათანაბრდა. შეხვედრა ისე გაგრძელდა რომ საგანგაშო თითქოს არაფერი იყო, მაგრამ ერთმა შეცდომამ ყველაფერი შეცვალა: ქართველებმა საკუთარი დერეფანი წააგეს და შეტევის ნაცვლად, სტუმრებმა მშვენიერი კონტრშტევა წამოიწყეს, რასაც მეტოქე მორაგბის შესანიშნავი ინდივიდუალური თამაში და ლელო მოჰყვა. ორიოდე წუთში ქართველები კიდევ ერთხელ შეცდნენ და კვლავ ლელოთი დაისაჯნენ – 7:19. მეორე ნახევარშიც ზუსტად იგივე შედეგი დაფიქსირდა: აფრიკელებმა სამი ლელო დადეს, ხოლო „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს ერთი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ თამაშის ხარისხის მხრივ, ჩვენმა გუნდმა პირველ ტაიმში გაცილებით კარგი თამაში აჩვენა. ქართველები მატჩის დასრულებამდე უტევდნენ და პრესტიჟის ლელოს დადებას ცდილობდნენ, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდათ და მატჩი 14:38 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წუთზე მოთამაშეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც ჯალაღონიასთვის ყვითელით, ხოლო სამხრეთ აფრიკელი მორაგბისთვის წითელი ბარათით დასრულდა.