სანკტ-პეტერბურგის „ოტკრიტიე არენაზე“ შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საწყის წუთებში ბელგია აქტიურობდა, შემდეგ კი - საფრანგეთი. მაღალი კლასის სანახაობრივ თამაშში საგოლე მომენტებიც შეიქმნა, თუმცა პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, რადგან ორივე გუნდი ფრთხილობდა და მთელი ძალებით წინ წასვლას მეტნაკლებად ერიდებოდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „მამლებმა“ გოლი გაიტანეს: ანტუან გრიზმანის მოწოდებული კუთხურიდან ცენტრალურმა მცველმა სამუელ უმტიტიმ თავით თამაში ყველას დაასწრო - 1:0. გოლის შემდეგ ფრანგების უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა. ბელგიელები ცდილობდნენ სხვაობის აღმოფხვრას, თუმცა გოლთან ახლოს ფრანგები უფრო იყვნენ. „მამლების“ რიგებში თითქმის არცერთ ფეხბურთელს ცუდად არ უთამაშია, ბელგიელთა რიგებში კი გამორჩევას ედენ აზარი იმსახურებდა, რომელიც მწვავე შეტევებს იწყებდა და ფრანგებს თავსატეხებს უჩენდა. ანგარიში აღარ შეცვლილა და მუნდიალის ფინალში საფრანგეთის ნაკრები არსებობის ისტორიაში მესამედ გავიდა - უკანასკნელად ფინალში „სამფეროვნები“ 2006 წელს იყვნენ. რაც შეეხება ბელგიას, რობერტო მარტინესის გაწვრთნილმა „წითელმა ეშმაკებმა“ ახალი ისტორია ვერ დაწერეს და მუნდიალზე კვლავ ბრინჯაოს მედლებისთვის მოუწევთ თამაში, რაც ბელგიელებმა აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1986 წელს გააკეთეს. იმ წელს ბელგიამ მე-3 ადგილისთვის მატჩი სწორედ საფრანგეთთან წააგო.
რაც შეეხება ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრების მეტოქეს, იგი დღეს ხორვატია-ინგლისის შეხვედრაში გაირკვევა.