weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის „ტორპედომ“ ტირასპოლის „შერიფი“ დაამარცხა

10:40 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუნდი, ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ჩაერთო. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში ტირასპოლის „შერიფს“ უმასპინძლა და მოლდოვის ჩემპიონს მინიმალური სხვაობით სძლია.

ტირასპოლელები წყვილში ფავორიტებად მიიჩნევიან, თუმცა „ტორპედომ“ მეტოქეს არაფერი დაუთმო და გაცილებით უკეთესი გუნდის შთაბეჭდილებაც დატოვა.

შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და რეალური საგოლე მომენტი ლევან კუტალიას ჰქონდა, რომელიც მათე ცინცაძის ჩინებული პასის შედეგად მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ქუთაისელმა შემტევმა დააყოვნა და საბოლოოდ პასის უკან გაკეთება მოუწია კუხიანიძისთვის, რომელმაც ვერ დაარტყა, დაეცა და მსაჯის სასტვენი დუმდა. ვერ გაიტან, გაგიტანენო - ნათქვამია და ზუსტად ასე მოხდა: ორ წუთში თითქოს ხიფათს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ მეკარე როინ კვასხვაძემ ბურთი საკმაოდ სუსტად ამოიტანა, რომელიც ხელთ მეტოქე ფეხბურთელმა იგდო და საჯარიმოში შეაღწია, თანაგუნდელს პასი მისცა და ბურთიც კარის ბადეში აღმოჩნდა. უწყინარ სიტუაციაში ჩამორჩენილ საქართველოს ჩემპიონს ფარ-ხმალი არ დაუყრია და ამან შედეგი მალევე გამოიღო: გრიგოლ დოლიძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, რომელიც სახიფათო მომენტს არ მოასწავებდა, მაგრამ „შერიფის“ მცველი შეცდა და მის ზურგს უკან ჩასაფრებულმა გიორგი ქიმაძემ გათანაბრება მოახერხა.

მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად დაიწყო და ტაიმის შუაწელს „ტორპედომ“ დაწინაურება მოახერხა: აქტიური ისევ ქიმაძე იყო, რომელმაც კვლავ ისარგებლა ცენტრალური მცველების უყურადღებო თამაშით, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, გოლკიპერი მოატყუა და ცარიელ კარში გატანა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ მოლდოველთა კარის დარაჯმა იგი წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი გოლად გიორგი კუხიანიძემ აუღელვებლად აქცია – 2:1. აქედან მოყოლებული ბურთს „შერიფი“ აკონტროლებდა, მაგრამ „ტორპედო“ თავის დაცვას კარგად ახერხებდა და სტუმრებს სახიფათო მომენტი არც შეუქმნიათ. საქართველოს ჩემპიონმა მოიგო, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. „ტორპედოს“ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ზუსტად ერთი კვირის თავზე, ტირასპოლში მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის კვალიფიკაციის პირველი სერიის პირველ შეხვედრაში „სამტრედია“ შინ ყაზახურ „ტობოლთან“ დამარცხდა. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ შეხვედრა უგოლო ფრით უნდა დასრულებულიყო, თუმცა 95-ე წუთზე ყაზახთა მარცხენა მცველმა მაქსიმ ფედინმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით „ტობოლს“ გამარჯვება მოუტანა. განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს ყაზახეთში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]