weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხორვატიამ საფეხბურთო ისტორია დაწერა

10:33 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები უდიდესი სენსაციის ავტორი გახდა. მოკრძალებული ევროპული ქვეყნის გუნდმა ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ მატჩი ინგლისელებისთვის იდეალურად დაიწყო: მე-5 წუთზე საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტული კირან ტრიპიერმა ზუსტად შეასრულა და „სამი ლომი“ დააწინაურა. სხვათა შორის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემის შემდეგ მეორე ინგლისელი გახდა, რომელმაც მუნდიალზე საჯარიმო დარტყმიდან შეძლო გოლის გატანა - აქამდე ეს 1998 და 2006 წლებში მხოლოდ „ბექზიმ“ შეძლო. გოლის შემდეგ ინგლისის ნაკრები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, სიტუაციას აკონტროლებდა და თავისუფლად თამაშობდა, ხორვატები კი შეტევას ცდილობდნენ, თუმცა მეკარე ჯორდან პიკფორდი მაინც უსაქმოდ იყო, რადგან ზლატკო დალიჩის გუნდი საგოლე მომენტის შექმნასა და კარში დარტყმას ვერ ახერხებდა.

მეორე ტაიმიც თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა გამოჩნდა, რომ ხორვატები უფრო გააქტიურდნენ და გათანაბრება სცადეს. ინგლისმა კი ინიციატივა მეტოქეს დაუთმო და ანგარიშის შესანარჩუნებლად პრაგმატული თამაში დაიწყო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ინგლისის ნაკრებმა ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და უკვე ფინალზე ფიქრობდა. ხორვატებმა რამდენჯერმე აგრესიულად შეუტიეს მეტოქეს, გოლი კი თითქოს უწყინარ სიტუაციაში გაიტანეს - ფრთიდან გრძელ გადაცემას საჯარიმოში ივან პერიშიჩი დაუხვდა, მცველებს ერთი შეხებით დაასწრო და 68-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი კიდევ უფრო გააქტიურდა და რამდენიმე წუთში მეორე გოლთან ძალიან ახლოს იყო, როდესაც კაილ უოკერი მოატყუა, ხოლო მისი დარტყმა ძელმა უკუაგდო.

ყაიმის გამო შეხვედრა ოვერტაიმში გაგრძელდა, სადაც გამოჩნდა, რომ ხორვატიას უფრო მეტი ენერგია ჰქონდა შემორჩენილი. მომენტი ჰქონდა ჯონ სტოუნზს, რომლის თავურიც მცველმა შიმე ვრსალკომ თავით გამოიტანა კარიდან, საპასუხოდ მარიო მანჯუკიჩს შეეძლო გატანა, მაგრამ პიკფორდმა კარგად ითამაშა. „იუვენტუსის“ ფორვარდმა მაინც გაიტანა: პერიშიჩის თავური პასის შემდეგ ინგლისელთა ინერტული დაცვის შეცდომით დიდებულად ისარგებლა და 109-ე წუთზე ახლო მანძილიდან ყველაფერი დაასრულა.

ამრიგად, ხორვატია 15 ივლისს ფინალურ მატჩში ფავორიტ საფრანგეთს შეხვდება. რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა დალიჩის კრებული დეშანის გუნდის დამარცხებას, თუმცა ფაქტია, რომ ხორვატიამ უკვე არნახულ წარმატებას მიაღწია. აქამდე ამ ქვეყნისთვის საუკეთესო მიღწევა 20 წლის წინ მოპოვებული მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედლები იყო, მაშინ ნახევარფინალში ხორვატები სწორედ მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთმა დაამარცხა.

რაც შეეხება ინგლისს, გარეთ საუთგეიტის გუნდი ბრინჯაოს მედლებისთვის მცირე ფინალს ბელგიასთან ითამაშებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]