weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი 2018: მუნდიალის გმირები და FIFA-ს რჩეულნი

10:59 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა. ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა და საფეხბურთო გვირგვინი ოცი წლის შემდეგ მეორედ დაიდგა. ტრადიციისამებრ კი ჩემპიონი გუნდის გარდა ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშეები ინდივიდუალური კუთხით.

2018 წლის მსოფლიო პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად ხორვატი ლუკა მოდრიჩი დასახელდა, რითაც ბოლო ჩემპიონატების ტრადიცია გაგრძელდა და ფინალში დამარცხებული გუნდის მოთამაშე გახდა საუკეთესო. ასე იყო 1998 (რონალდო), 2002 (ოლივერ კანი), 2006 (ზინედინ ზიდანი) და 2014 წლებში (ლიონელ მესი), 2010 წელს კი საუკეთესო მოთამაშის პრიზი დიეგო ფორლანმა მიიღო, რომლის ურუგვაიც მეოთხე ადგილზე გავიდა.

მოდრიჩის შემდეგ გამორჩეული ინდივიდუალური ასპარეზობისთვის FIFA-ს სპეციალურმა ტექნიკურმა ჯგუფმა ვერცხლისა და ბრინჯაოს ბურთები, შესაბამისად მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, ედენ აზარსა (ბელგია) და ანტუან გრიზმანს (საფრანგეთი) მიანიჭა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი წოდება არავის დაუთმო ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კილიან მბაპემ. 19 წლის ფორვარდმა მართლაც კარგი ტურნირი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ფინალში გატანილი გოლით ლეგენდარული პელეს 1958 წლის მიღწევა გაიმეორა - იგი ისტორიაში მეორე თინეიჯერი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის ფინალურ მატჩში შეძლო გოლის გატანა. ასევე მეორედ მოხდა, როდესაც FIFA-ს ეს პრიზი ფრანგმა მოიპოვა - წინა მუნდიალზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო იმ დროს 21 წლის პოლ პოგბამ მიიღო, თუმცა 1982 წელს აღნიშნული წოდება უპრიზოდ მიენიჭა 21 წლის ფრანგ მარჯვენა მცველს, მანუელ ამოროს.

ტურნირის საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ოქროს ხელთათმანი ბელგიელმა ტიბო კურტუამ მიიღო. საინტერესოა, რომ ბელგიელი მეკარე მეორედ დასახელდა მუნდიალის საუკეთესოდ - პირველად ეს წოდება 1994 წელს მიშელ პრიუდომს ერგო.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება 6 გატანილი გოლით ინგლისელმა ჰარი კეინმა მოიპოვა და გარი ლინეკერის შემდეგ მეორე ინგლისელი გახდა, რომელმაც მუნდიალზე ბომბარდირობა მოახერხა. ბომბარდირთა დავაში მეორე და მესამე ადგილებზე შესაბამისად, ანტუან გრიზმანი (4 გოლი და 2 ასისტი) და რომელუ ლუკაკუ (4 გოლი და 1 ასისტი) გავიდნენ.

FIFA-სგან ჯილდოს გარეშე ესპანეთის ნაკრებიც არ დარჩენილა, რომელსაც ე.წ. პატიოსანი თამაშის (Fair Play) საპატიო გუნდური პრიზი ხვდა წილად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]