weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართველ მოფარიკავეთა ისტორიული მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

15:13 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჟია ჩინეთის ქალაქ უსიში მიმდინარე ტურნირზე პლანეტის ოთხ უძლიერეს გუნდს შორის მოხვდნენ, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

საქართველოს ნაკრები პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის 28-ე ადგილზე მყოფ ტაილანდის ეროვნულ გუნდს გაეჯიბრა და გამარჯვება არ გასჭირვებია – 45:20. ამის შემდეგ ქართველ მოფარიკავეებს გაცილებით სერიოზული მეტოქეები ჰყავდათ და სასიხარულოა, რომ თავი ამათთანაც გამოიჩინეს.

მერვედფინალში ქართველთა პირისპირ კლასიფიკაციის მე-5 ნომერი, გასული მსოფლიო პირველობის მეოთხეადგილოსანი აშშ-ს ნაკრები დადგა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს შემადგენლობაში ინდივიდუალური რეიტინგის პირველადგილოსანი და მიმდინარე ტურნირის ვერცხლის მედალოსანი ელი დერშვიცი ჰყავდა, საქართველოს ნაკრებმა 45:38 იმარჯვა. ცუდად დაწყებულ შერკინებაში გარდამტეხი სწორედ დერშვიტცისა და მარდალეიშვილის დაპირისპირება გამოდგა, რომელიც ქართველმა 12:3 მოიგო. ამის კვალად, ქართველმა მოფარიკავეებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს, საქმე მოგებამდე მიიყვანეს და მსოფლიოს 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდნენ, რაც უკვე ისტორიული მაჩვენებელი გახლდათ.

ქართველი მოფარიკავეები ამაზე არ გაჩერებულან და მეოთხედფინალშიც წარმატებას მიაღწიეს. მეტოქე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 ადგილის მფლობელი, მიმდინარე რეიტინგში კი მე-4 პოზიციაზე მყოფი ირანის ნაკრები იყო. სანდრო და ბექა ბაზაძეებმა და მარდალეიშვილმა ამჯერადაც იყოჩაღეს, აზიელები 45:37 დაამარცხეს და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. ამდენად, დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან ერთის მოგებაც საკმარისი იყო, რათა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობაზე ისტორიული მედალი მოეპოვებინა, თუმცა ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე პლანეტის უძლიერესი ნაკრები სამხრეთ კორეა იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს, გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 34:45.

ქართველი მოფარიკავეები ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე გადაერთვნენ, მათი მოწინააღმდეგე კი მსოფლიოს მე-3 გუნდი უნგრეთი გახლდათ. ამ შერკინებაში გამოცდილი წევრებით დაკომპლექტებული მეტოქე აშკარა ფავორიტი იყო და საქაღთველოს ნაკრებს 45:36 სძლია. აღსანიშნავია. სულ ბოლოს. სანდრო ბაზაძისა და არონ შილაგის შერკინება, რომელშიც ქართველმა სპორტსმენმა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს 9:5 მოუგო. ამრიგად, ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო პირველობა მე-4 პოზიციაზე დაასრულეს, რაც უდიდესი წარმატებაა.

ტურნირის შემდეგ FIE-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრები 199 ქულით საუკეთესო ათეულში შევიდა და მე-9 პოზიციაზეა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]