მასპინძელი ქუთაისელები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებს ქმნიდნენ და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით 3:0 დასრულდა. 27-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთი თავური დარტყმით თორნიკე კაპანაძემ გადაგზავნა მეტოქის კარში და „ტორპედო“ დააწინაურა. 73-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ კაპანაძესთან გაითამაშა კომბინაცია და ეფექტური დარტყმით საკუთარი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა, მესამე გოლი კი 84-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ დოლიძის ჩაწოდების შემდეგ ლევან კუტალიამ გაიტანა. საპასუხო შეხვედრა გუნდებს შორის 2 აგვისტოს გაიმართება.
ევროპა ლიგისავე ეგიდით შედგა ჩიხურა-მარიბორის მატჩი. სოსო ფრუიძის გაწვრთნილ გუნდს გამოცდილი მეტოქისთვის ტოლი არაფერში დაუდია და რიგ ეპიზოდებში დაჩაგრა კიდეც. საჩხერელები 90 წუთი ფლობდნენ უპირატესობას და თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას, ეს მასპინძელი გუნდი იყო. „მარიბორს“, რომელიც წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა, რამდენჯერმე საკმაოდ გაუმართლა, რადგან ბევრ საგოლე ეპიზოდში „ჩიხურას“ ფეხბურთელებს მცირე სიზუსტე და კლასი დააკლდათ. ყველაფერი ერთი კვირის თავზე სლოვენიაში გადაწყდება.