„დღეს გავრცელდა ინფორმაცია სპორტსმენ ნუგზარ ტატალაშვილის არაბთა გაერთიანებულ საემიროში გადასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ადასტურებს, რომ მათი მხრიდან იყო მოთხოვნა აღნიშნული სპორტსმენის მათი დროშის ქვეშ გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი მხრიდან ერთმნიშვნელოვნად იქნა ნათქვამი უარი, გამომდინარე იმ დებულებიდან, რომელიც მიღებული აქვს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს 2013 წლის 23 მაისს.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დებულება ძიუდოისტთა სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლასთან დაკავშირებით:
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს, რომელიც მოისურვებს სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას, მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ნაკრები გუნდის წევრად განისაზღვროს სპორტსმენი, რომელსაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირზე სახელმწიფოს დაფინანსებით. აღნიშნული წესი ძალაში შევიდეს 2013 წლის 23 მაისიდან. რაც შეეხება სხვა დანარჩენ შემთხვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ დრომდე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი იტოვებს უფლებას ინდივიდუალურად განიხილოს საკითხი თითოეულ სპორტსმენთან მიმართებაში“.
შეგახსენებთ, რომ ტატალაშვილის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადასვლის შესახებ Judoinside.com იუწყებოდა და ამ ამბავს გადაწყვეტილად მიიჩნევდა. ძიუდოს სამყაროში ცნობილი ვებგვერდი წედრა, რომ 28 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა მოქალაქეობის შეცვლა გადაწყვიტა და ამიერიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ღირსებას დაიცავს. ტატალაშვილს არაბული ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობა 1-ლი სექტემბრიდან შეეძლება და თეორიულად შანსი აქვს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოვიდეს, რომელიც სწორედ სექტემბერში, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ტატალაშვილს ევროპის ჩემპიონატებზე 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს აღებული, გუნდურ შეჯიბრებებზე მსოფლიოს ჩემპიონი ერთხელ ყოფილა, ხოლო ევროპის ჩემპიონი – 4-ჯერ.