შეხვედრა ბასილაშვილმა ცუდად დაიწო. იარი 4:3-ს იგებდა, როდესაც ამინდის გაუარესების გამო მატჩი დროებით შეწყდა. შეხვედრის განახლების შემდეგ ჩილელმა საკუთარ მოწოდებაზე მოიგო და 5:3 გახდა ანგარიში, მეცხრე გეიმში კი ჩილელი 40:0 იგებდა, თუმცა ბასილაშვილმა ამის შემდეგ ჩინებულად ითამაშა და თამაში შემოატრიალა: ქართველმა ზედიზედ ხუთი გათამაშება მოიგო და ანგარიში 4:5 გახდა. ამის შემდეგ ზედიზედ ორ გეიმში ბასილაშვილმა რვა გათამაშება მოიგო, მეტოქემ კი ქულა მხოლოდ ორჯერ აიღო. მე-12 გეიმი საგრძნობლად გაიწელა, იარის ტაი-ბრეიკზე სეტის გადაყვანა სურდა, თუმცა ბასილაშვილმა მაინც გაიმარჯვა - 7:5.
მეორე სეტი საკმაოდ უცნაურად წარიმართა, რადგან ფსიქოლოგიური უპირატესობა ბასილაშვილს ჰქონდა, რადგან ზედიზედ 4 გეიმი მოიგო, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, სამხრეთ ამერიკელმა ჩინებულად ითამაშა და 6:0 მოიგო. მესამე სეტში კი პირიქით მოხდა ყველაფერი, ამჯერად იარის არ წაუვიდა თამაში და ნიკოლოზმა ეს კარგად გამოიყენა: ზედიზედ ორი ბრეიკის შემდეგ ნიკოლოზი 5:0 დაწინაურდა და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდა - 6:1.
ასეთი დონის ტურნირის ფინალში ბასილაშვილი პირველად გავიდა და კარიერაში საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ფინალში ნიკოლოზის მეტოქე მოქმედი ჩემპიონი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში იოზეფ კოვალიკი მძიმე ბრძოლაში 6:7, 6:4, 7:6 დაამარცხა.
ფინალში გასვლით ნიკოლოზმა უკვე დაიმსახურა 300 ქულა და ამჟამად კარიერის სარეკორდო, 45-ე ადგილზე იმყოფება. იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი მაიერს დაამარცხებს, მაქსიმუმ 35-ე პოზიციამდე დაწინაურდება და ირაკლი ლაბაძის მიერ მიღწეულ შედეგს (42-ე ადგილი) გააუმჯობესებს.