ფარერის კუნძულების გუნდ „ვიკინგურთან“ მატჩი ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს და მე-11 წუთზე მილოშ ლაჩნიმ მარცხენა ფლანგიდან მეკარეს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა. აღნიშნული გოლიდან 13 წუთში კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე მეორე სართულზე მამუკა კობახიძემ იყოჩაღა და მისი დარტყმული კარიდან მეტოქემ გამოიტანა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ბურთმა ხაზი გადაკვეთა და ანგარიში გააორა. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე მარეკ გლინკას გადაცემის შემდეგ ოლექსანდრ აზაცკიმ „ვიკინგურის“ მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა და სხვაობა გაზარდა, 82-ე წუთზე კი მათე ცინცაძემ მარცხენა ფლანგიდან თორნიკე კაპანაძეს საჯარიმოს სიღრმეში გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში - 4:0.
საბოლოოდ, როგორც პირველ შეხვედრაში, ასევე საპასუხო მატჩში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ტორპედომ“ მეტოქე აშკარად დაჯაბნა და შანსი არ დაუტოვა. ორ მატჩში ქუთაისელებმა 7 გოლი გაიტანეს და კარის მშრალად შენახვა მოახერხეს. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ალბანურ „კუკესის“ დაუპირისპირდება. შეხვედრები 9 და 16 აგვისტოს გაიმართება.
„ჩიხურა“ ძლიერ მეტოქე გუნდთან სტუმრად 0:2 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე სლოვენიური გუნდი გავიდა. სლოვენიელებმა საჩხერელთა გატეხვა 70-ე წუთზე შეძლეს, როდესაც დინო ჰამზიჩის კარი სახელოვანი ზლატკო ზაჰოვიჩის ვაჟმა ლუკა ზაჰოვიჩმა აიღო. ამის შემდეგ „ჩიხურას“ უკვე დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ცდილობდა მწვავედ შეეტია, რამდენიმე მომენტი სოსო ფრუიძის გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლი არ გავიდა. საბოლოოდ, მატჩის ბოლოს შეტევაში გადასულმა „ჩიხურას“ ფეხბურთელებმა ბურთი მეტოქეს ჩააბარეს და მეორე გოლი გაუშვეს.